„რუსთავის ავტობაზარს ხელშეწყობა სჭირდება“

 

კომპანია „რობანი მოტორსის“ დამფუძნებლი ელგუჯა ჯამაგიძე რუსთავის ავტობაზრობაზე შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრობს.
მისი თქმით, სავალუტო ცვლილებების გამო, ავტომობილების ქართულ ბაზარს პანიკამ ორგზის გადაუარა.
„ზოგადად, ცუდი სიტუაციაა, სასიკეთო ცვლილება არ ჩანს და არც გვაქვს ამის მოლოდინი. მთავრობა აღებული კურსით თუ გააგრძელებს საქმიანობას, პრობლემა კიდევ დიდხანს გვექნება. სტიმულირების მიზნით, ბაზარს ხელშეწყობა სჭირდება. როდესაც ხალხს არ აქვს სამსახური, ხოლო დასაქმებულისთვის შემოსავალი მცირდება, ავტომობილის შეძენა ოჯახისთვის პრიორიტეტი არ არის“, – განაცხადა ჯამაგიძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვამ თავიდან ცოტა მოიმატა, ახალი წლის პირველივე კვირიდან, არასახარბიელო რეალობა კვლავ სახეზე იყო, ლარის კურსის გამო ხალხი ახლაც პანიკაშია.

„მართალია გაყიდვამ მოიმატა, მაგრამ ბაზარს ეს ცვლილება დიდად არ დასტყობია, იმდენად დიდი პრობლემის წინ აღმოვჩნდით. საქმე ისაა, რომ რეალიზაციის ზრდა ძვირად ღირებულ ავტომობილებს არ შეეხო, ძირითადად, 2000 -დან 5000 დოლარად ღირებული მანქანები გაიყიდა.

მყიდველისთვის რომელიმე მოდელი პრიორიტეტული არ ყოფილა, მთავარი იყო, როგორმე მოესწროთ, რადგან ხალხი ეროვნული ვალუტის მიმართ უიმედოდ განეწყო. ახალი წლის პირველივე კვირიდან, როგორც კი პანიკა ჩაცხრა, არასახარბიელო რეალობას დავუბრუნდით. ლარის კურსის გამო ხალხი ახლაც პანიკაშია, მაგრამ ეს პროცესი იმდენად გაიწელა, რომ რეალიზაციისთვის სტიმულის მიმცემი ვერ იქნება, პირიქით, უკვე პრობლემას გვიქმნის“,- აცხადებს ჯამაგიძე გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები