სად და როდის შეხვდა მიხეილ სააკაშვილი იგორ გიორგაძეს
გამოძიებისთვის ყველაზე ეფექტური მუშაობის მეთოდი გამორიცხვის მეთოდია. ამ მეთოდის გამოყენების გარეშე ძალიან რთულია, ვინმე გაუმკლავდეს იმ უამრავ ვერსიას, რაც იური ვაზაგაშვილის უსასტიკესმა მკვლელობამ წარმოშვა. ერთგვარ ექსპერიმენტს ჩვენც შევთავაზებთ ჩვენს მკითხველს, თუმცა, თავშივე გეტყვით, რომ თქვენთან ერთად შევეცდებით, არ დავიკარგოთ იმ პოლიტიკური წარსულის ლაბირინთებში, სადაც სახეზეა გია ჭანტურიას, ნუგზარ საჯაიას, ზურაბ ჟვანიასა და სხვათა ცხედრები. სწორედ ამ ცხედრებზე გაიარა საქართველოს პოლიტიკურმა წარსულმა, რომელმაც შედეგად სხვადასხვა დროის ხელისუფლებაში არა მოსალოდნელი, არამედ სულ სხვა, მოულოდნელად აღმოცენებული პოლიტიკური გუნდები მოიყვანა…
მკითხველისთვის ეს შესაძლოა, აბსოლუტურად მოულოდნელი განვითარება იყოს ვაზაგაშვილის მკვლელობის თემისთვის, თუმცა, თუ მსჯელობას ერთად გავყვებით, ეგებ არცთუ უმნიშვნელო მესიჯები ამოვიკითხოთ იქ, სადაც მავანი საერთოდაც არ ელის.
ერთი შეხედვით კი, ყველაზე მთავარი გზავნილი საზოგადოებას 20 იანვარს უნდა მიეღო, როდესაც სოფელ ყარაფილას სასაფლაოზე შვილის მკვლელობის ობიექტური გამოძიებისთვის მერძოლი მამა საკუთარი შვილის საფლავზევე აფეთქდა. ამ გზავნილის შინაარსი ცალსახად ასე უნდა წაკითხულიყო – მე ვარ ის, ვინც შვილი მოგიკლა! შესაბამისად, ქართველი საზოგადოების ერთმა ჭკვიანმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ნამდვილი მკვლელი შემთხვევის ადგილზე საკუთარი თავის გამოსააშკარავებლად ასეთ აშკარა მესიჯს არ დატოვებდა, ამიტომაც გადაწყდა, რომ ვაზაგაშვილზე შური უნდა ეძია არა ნაციონალურ გუნდს, რომელსაც გარდაცვლილი შვილის მკვლელობაში აშკარად ადანაშაულებდა, არამედ სულ სხვა ძალას, რომელსაც სწორედ ნაციონალებისკენ უნდოდა ისრების გადასროლა, მეორე მხრივ კი ხელისუფლების უნიათობის კიდევ ერთხელ ხაზგასმა. ამ ვერსიას განსაკუთრებით ინტენსიურად ის ადამიანები ავითარებენ, ვის მიმართაც პირველ რიგში შეიძლება წარმოიშვას ეჭვი…
სანამ მკითხველთან ერთად მსჯელობა სულ სხვა სივრცეებში გადაგვისვრის, გამოგიტყდებით და ერთი ისტორია არ მანებებს თავს. ისტორია კი ასეთია:
რკინიგზის სადგურში ორი ნაცნობი შეხვდა ერთმანეთს. ერთმა მეორეს მარტივი კითხვა დაუსვა: მოშე, სად მიემგზავრებიო. მოშეს არ უნდოდა, მეგობარს გამოსტყდომოდა, რომ ოდესაში მიდიოდა და დაიწყო ფიქრი: „თუ ვეტყვი, რომ არ მივდივარ ოდესაში, ის იფიქრებს, რომ სწორედ იქ მივდივარ. ამიტომაც ვეტყვი, რომ მივდივარ ოდესაში, რათა ეგონოს, რომ ვატყუებ”. ამიტომაც ხმამაღლა უპასუხა, – ოდესაში მივდივარო. მეგობარმა გაიკვირვა: მოშე, რატომ მატყუებ, შენ ხომ მართლაც ოდესაში მიდიხარ…
ერთი სიტყვით, რა ვერსიაზეც არ უნდა განვავითაროთ მსჯელობა, არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ვერსიები იური ვაზაგაშვილისთვის ტერაქტის დამკვეთებს უკვე გავლილი და დამუშავებული ექნებათ. ამიტომაც, ნებისმიერი თემის უკან შესაძლოა, მარტივად „გამოსარიცხი” გათვლა იდგეს.
რუსული კვალი თუ სწორედაც რუსული კვალი?!
რაკი ნაწილობრივ ვისაუბრეთ ვერსიაზე, პირობითი სახელწოდებით – „ნაციონალები”?.. თუ, მართლაც, „ნაციონალები”? – ახლა განვიხილოთ რუსული კვალის ალბათობაც, რომელიც ამ ტრაგედიის გარშემო მომძვინვარებულ ვერსიებში. ლეგიტიმურობის თვალსაზრისით, ერთ-ერთ უპირატეს ადგილს იკავებს.
მახსოვს, შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტის შემდეგ, როდესაც მთავარი ეჭვმიტანილი იგორ გირგაძე საქართველოდან გაიქცა, ქვეყანაში დატრიალებული თითქმის ყველა უბედურების მიღმა სწორედ მის აჩრდილს ხედავდა პოლიტიკური ისტებლიშმენტი. ამ აჩრდილმა არ მოასვენა საზოგადოება არც სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც. ამიტომაც უხერხულობას მოვიხსნით, თუმცა, ბოდიშს მოვუხდით ბატონ იგორს და მის მომხრეებს, როდესაც ქვემოთ შემოთავაზებულ ვერსიას მისი სახელის აშკარა, შეფარულობის გარეშე მოხსენიებით ქვემოთ წარმოდგენილ ვერსიას განვავითარებთ. ამას მხოლოდ თემის სიცხადისთვის გავაკეთებთ მხოლოდ.
მაშ ასე, თუ გავიხსენებთ ერთ-ერთ საპრეზიდენტო არჩევნებს, როდესაც გიორგაძის კანდიდატურა ცეკსო-მ არ მიიღო იმის გამო, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში უნდა ეცხოვრა საქართველოს ტერიტორიაზე, მაშინ ამ კანდიდატმა პოზიციების გასამყარებლად განაცხადა, სამხრეთ ოსეთის რეგიონში ვცხოვრობდიო… ეს ფაქტი გახსენებად, ალბათ, ღირს, თუ გავითვალისწინებთ ირაკლი სესიაშვილის ერთგვარ მინიშნებას, როცა ამბობდა, იური ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილი, სოფელი ყარაფილა, კონფლიქტის რეგიონისპირა სოფელიაო… მით უმეტეს, დაკვირვებად, ალბათ, ღირს პროცესებიც, სადაც ამ ტრაგედიის შემდეგ ზოგიერთი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც სწორედ გიორგაძესთან ასოცირდება, აქციებისკენ „იქაჩება”. აკი ამბობენ კიდეც, ამ ტერაქტის ავტორების მიზანი ქვეყანაში არეულობის ორგანიზებააო…
ჩვენს მკითხველთაგან რომელიმეს, ალბათ, გაუჩნდება კითხვა – შესაძლოა თუ არა, ვიფიქროთ რუსულ-„ნაციონალურ” კვალზე ერთობლივად? ან გამორიცხავს თუ არა ერთი მეორეს?
თუ გავიხსენებთ რამდენიმე ფაქტს, რომელთაგან ზოგი გახმაურდა, ზოგიც – ჯერ არა, ალბათ, ეს კითხვაც ლეგიტიმური იქნება. ვინაიდან ცნობილია სააკაშვილისთვის გიორგაძისმიერი საჩუქარი დაჯავშნილი „მერსედესების” სახით. უფრო მეტიც, არსებობს კულუარული ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ „ვარდების რევოლუციის” შემდეგ შევარდნაძისგან დევნილი ნომერ პირველი ტერორისტი ახალ ხელისუფლებას ბათუმში შეხვდა. ამ შეხვედრის მონაწილე კი, სააკაშვილთან ერთად, ჟვანიაც გახლდათ… სკეპტიკოსები, რაღა თქმა უნდა, გიორგის მომხრეების მასობრივ დაპატიმრებებს გაიხსენებენ სააკაშვილის რეჟიმის დროს ამ ალიანსის დასაშვებობის გასაბათილებლად, თუმცა, ზოგიერთი ანალიტიკოსი არც ამ აქტს შეხედავს ზედაპირულად და სიღრმეებში კვლავაც შეთქმულების კვალს დაინახავს, სულ სხვა ჭრილში… თუმცა, ამ ეტაპზე განხილვას ამ მიმართულებით შორს წასვლის შესაძლებლობის მოტივით შევწყვეტთ და კვლავაც 20 იანვრის შემზარავ ფაქტს დავუბრუნდებით…
სახიფათო ცნობადობა
ეს ტერმინი პირველად მაშინ გავიგეთ, როდესაც გიორგი სანაია მოკლეს. სწორედ მაშინ გაჟღერდა, რომ ჟურნალისტმა სწორედ სახიფათო ცნობადობის ზღვარს მიაღწია და ამიტომაც შეიძლებოდა, ის რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურების „ობიექტივში” აღმოჩენილიყო, რომელიც ასეთი ცნობადობის მქონე ადამიანის ლიკვიდაციის შედეგად პოლიტიკური პროცესების დაჩქარებას უმიზნებს. ამ ფაქტმა კი ნამდვილად დააჩქარა შევარდნაძის რეჟიმის დასასრული…
ერთი შეხედვით არავის შეიძლებოდა ჰგონებოდა, რომ იური ვაზაგაშვილის ცნობადობა ასეთ ნიშნულს უახლოვდებოდა. იმავე რანგში შეიძლებოდა განხილულიყო ბუტა რობაქიძის ან გამცემლიძის მშობლები… თუმცა საქმეც სწორედ ეს არის… თუ მიზანი მკვლელობის შედეგად პოლიტიკური გრადუსის მოსინჯვაა, ობიექტი ნებისმიერი მათგანი შეიძლება ყოფილიყო და ყველა ასეთ შემთხვევაში დაისმებოდა ეს მიამიტური კითხვა – რატომ მაინცდამაინც „ის”?
სისხლიანი მკვლელობების თანამდევი უსისხლო გადატრიალებები
თუ ჩავლილ პროცესებს დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ არაერთ სკანდალურ მკვლელობას მოჰყოლია ქვეყანაში პოლიტიკური მოთამაშეების ჩანაცვლება.
თავის დროზე „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” საკმაოდ შეკრული და ძლიერი გუნდი იყო იმისთვის, რომ ხელისუფლების სადავეები აეღო ხელში. გია ჭანტურიას მკვლელობის შემდეგ გუნდი დაიშალა, ხელისუფლებაში კი სულ სხვა მოვიდა…
იმ „სხვის” ხელისუფლების წიაღში შეიქმნა კიდევ ერთი გუნდი, რომელსაც პირობითად საჯაიას გუნდს უწოდებდნენ. მისი წევრები შევარდნაძის რეჟიმის დასასრულისკენ პერიოდში უმაღლეს თანამდებობებს ინაწილებდნენ. ეს იყო დრო, როდესაც ინტენსიურად დაიწყო მოძრაობა შევარდნაძის მემკვიდრეობის ხელში ასაღებად. გუნდი ჯერ კიდევ მაშინ დასუსტდა, როდესაც ერთ დღეს უშიშროების საბჭოს მდივანი საკუთარ კაბინეტში გარდაცვლილი აღმოაჩინეს. მოგვიანებით ამ გუნდის რეპრესირება მოხდა. ხელისუფლების სადავეები კი ისევ სულ სხვამ აიღო ხელში…
მორიგი „სხვა” შედგებოდა გუნდისგან და არაგუნდისგან, ანუ ჟვანიას გამოზრდილი წრისგან და სააკაშვილის ბიჭებისგან. ზურაბ ჟვანიას სიკვდილის შემდეგ ეს გუნდიც „ჩაირეცხა”, დარჩენილი ნაწილი კი სააკაშვილს შეერწყა და პოლიტიკური თამაშის სივრცედ მხოლოდ პარლამენტის კედლებს დაჰყაბულდა…
თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ პროცესების შუაში მოკლეს გიორგი სანაია და ამან ეს პროცესები საგრძნობლად დაჩქარა, რატომ არ უნდა დაესვათ კითხვა – შეცვლის თუ არა პოლიტიკურ სცენაზე მოთამაშეებს იური ვაზაგაშვილის მკვლელობაც? მით უმეტეს, რომ ამ ფაქტის შემდეგ ზოგიერთი ანალიტიკოსი ნაციონალების მასობრივ დაჭერებსა და მათი პოლიტიკური სივრციდან „გაუჩინარებას” პროგნოზირებს…
ეს ლოგიკა სულაც არ ემსახურება ჩამოთვლილი მკვლელობების ავტორების დადგენას, მით უმეტეს, როცა ქართული რეალობის განვითარებისთვის სცენარები ძირითადად სულ სხვა ქვეყნებში იწერება. სახეზეა მხოლოდ ფაქტები, ხოლო ვინ არიან მისი დამკვეთები და შემსრულებლები, ამის დადგენას მხოლოდ გამორიცხვის მეთოდი არ შველის.
ამდენად, სანამ გამოძიება 20 იანვრის მკვლელობის წახნაგებს სწავლობს, მე და მკითხველს მოგვიხდება, დაველოდოთ პროცესებს და ერთად ვნახოთ, რომელ გუნდს „ჩარეცხავს” იური ვაზაგაშვილის მკვლელობა და ვინ იქნება ის „სულ სხვა”, რომელიც ჭადრაკის დაფის განაპირა უჯრაზე გაძვრება და მეფედ გადაიქცევა…
წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი”