ირინა ენუქიძის მოძღვარი: ირინამ ვანო მერაბიშვილის უახლოესი გარემოცვიდან დაასახელა მკვლელების სახელები

სიკვდილის წინ სანდრო გირგვლიანის დედამ ირინა ენუქიძემ თავისი მკვლელები დაასახელა. ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ენუქიძის მოძღვარი, დეკანოზი გრიგოლ გოგიჩაძე საუბრობს.
დეკანოზის განცხადებით, აღნიშნული პირები ვანო მერაბიშვილის უახლოესი გარემოცვის წარმომადგენლები არიან. „მაშინ, გარკვეული ეჭვი მეც და მის ახლობლებსაც გაუჩნდათ. შეიძლებოდა თუ არა მისი დაავადება რამე ზემოქმედებით ყოფილიყო გამოწვეული? იმხანად ირინასთან ურთიერთობის გამო მეც მუდმივად მაკონტროლებდნენ, მაგრამ მაინც მოვახერხე და ვკითხე მედპერსონალს, შესაძლებელია თუ არა, პანკრეასის ჯირკვლის სიმსივნის სწრაფად განვითარება მოჰყვეს ისეთ რამეს, როგორიცაა, მაგალითად, მოწამვლა-მეთქი და დამიდასტურეს. ქალბატონ ირინას არ დაუზუსტებია, რატომ თვლიდა, რომ „ისიც მოკლეს”, რა ხერხი ან მეთოდი გამოიყენეს. თუმცა, მან ჩემთან საუბრისას ვანო მერაბიშვილის უახლოესი გარემოცვიდან დაასახელა თავისი მკვლელების სახელებიც და გვარებიც. ცხადია, ახლა ამას მიზეზთა გამო არ ვიტყვი. ქალბატონ ირინასთან ურთიერთობის შემდეგ მეც მოვექეცი ზეწოლის ქვეშ, მირეკავდნენ და მემუქრებოდნენ კუდ-ისა და სოდ-ის წარმომადგენლები. მას მერეც ბევრი ხიფათი გადამხდა”, – განაცხადა დეკანოზმა. მისივე თქმით, ენუქიძის ბოლო სურვილი იყო, რომ სააკაშვილის შემდეგ მოსულ ხელისუფლებას მისი მკვლელობის საქმე გამოეძია. „ქალბატონი ირინა ხვდებოდა, რომ ჩამოაშორებდნენ იმ პროცესს, რომელიც საქართველოში სანდროს მკვლელობის შემდეგ დაიწყო. ყველას გახსოვთ მისი განცხადებები, საზოგადოებრივი აქტიურობა. საოცრად მებრძოლი ადამიანი და თავგანწირული დედა იყო. ამბობდა, ისინი ამ ბრძოლას არ მაპატიებენ და მეც მომკლავენ, მაგრამ ეს ჩემთვის ბედნიერებაა, რადგან დასაკარგი აღარაფერი მაქვს, რაც უფრო ადრე წავალ ჩემს შვილთან, მით უკეთესი იქნებაო. მართლაც, სანდროს გარდაცვალებიდან წელიწად-ნახევარში დაიღუპა ეს საოცრად ბრძოლისუნარიანი და ღირსეული ქალი, ერთი შეხედვით, ძლიერი, ჯანმრთელი, საღ-სალამათი. სიმბოლურია, რომ 24 აგვისტოს გარდაიცვალა და ზუსტად მარიამობა დღეს ავუგეთ წესი და დავკრძალეთ. ბოლო თვის განმავლობაში პანკრეასის სიმსივნეზე მკურნალობდა, თუმცა, თვლიდა, რომ მისი მკვლელობა სცადეს. ქალბატონმა ირინამ ბოლო კვირას თითქოს მოიხედა, სწორედ მაშინ ვინახულე. მითხრა, ხომ ხედავ, მეც მომკლეს ამ ურჯულოებმა. ჩემი და სანდროს სულისთვის ილოცე… სააკაშვილის ხელისუფლება სანამ იქნება, ჩემს მკვლელობას არავინ გამოიძიებს და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ახალ ხელისუფლებას სთხოვე, ჩემი მკვლელობის საქმეც გამოიძიოს. ეს არის ჩემი უკანასკნელი სურვილიო. შეიძლება ითქვას, ეს მისი ანდერძი იყო და როგორც მოძღვარი, ვალდებული ვარ, ეს ვთქვა, მით უფრო, რომ მთავრობა უკვე შეიცვალა”, – აცხადებს დეკანოზი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები