ირმა ინაშვილი მარტში აქციების გამართვას აანონსებს
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი მარტიდან აქციების გამართვას აანონსებს. იგი საზოგადოებას მოუწოდებს, ქუჩაში გამოვიდნენ და აჩვენონ, რომ მათ არ ეშინიათ. ინაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები უნდა აცნობიერებდნენ, რომ პარტიას გამოფხიზლება სჭირდება.
„ფაქტია, ძალიან ფრთხილად და ჭკვიანურად უნდა ვიმოქმედოთ, თუმცა მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია?! თუ საზოგადოება გარეთ არ გამოვიდა და სახლში დარჩა, გვეშინოდეს მაშინ პროვოკაციების და ნურაფერს გავაკეთებთ. ამასობაში, გარწმუნებთ, სხვა ცნობილ ადამიანს ან სახლის სადარბაზოსთან, ან ოფისთან ააფეთქებენ! ჩვენ ზუსტად ეს არ უნდა დავუშვათ, თუ 31 იანვარს ბევრნი ვიქნებით, პროვოკატორები ვერაფერს გაბედავენ. არ შეიძლება, შიშის გამო სახლში ჩავიკეტოთ. პირიქით, გარეთ უნდა გამოვიდეთ და ტერორისტებს ვაჩვენოთ, რომ მათი არ გვეშინია! არავინ იცის, რას გეგმავენ ტერორისტები, მაგრამ ვითარებასა და მათ ხელწერას, ზოგადად, თუ გავაანალიზებთ, სულაც არ ვფიქრობ, რომ შემდეგი შვილმკვდარი მშობელი უნდა იყოს. ტერორისტები, ალბათ, სულ სხვა მიმართულებით წავლენ. შემდეგი შეიძლება იყოს ნებისმიერი ცნობილი ადამიანი, რომელიც იმ გზაზე დგას, რაზეც იური ვაზაგაშვილი იდგა, ანუ მკვლელებსა და მოძალადეებთანაა დაპირისპირებული. ვინც „ოცნების“ მხარდამჭერია და ამ ხელისუფლების დახმარება სურს, იმასაც უნდა აცნობიერებდეს, რომ „ოცნება“ შესაჯანჯღარებელია. ხელისუფლებამ ის დაკარგული 2 წელი უნდა აანაზღაუროს, რომელიც წყალში გადაგვიყარა. თორემ ერთი და ორი კი არა, ათასობით ადამიანი გამოვა „ოცნების“ წინააღმდეგ ქუჩაში“, – განაცხადა ინაშვილმა „ვერსიასთან“ საუბრისას.