რა ხდებოდა “ნაციონალების” ოფისში ვაზაგაშვილზე მომხდარი ტერაქტის დღეს?
გაზეთი „ალია“ იმის შესახებ წერს, თუ რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ვაზაგაშვილზე მომხდარი ტერაქტის დღეს.
„ალიას“ ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილის სასტიკ, არაადამიანურ მკვლელობას „ნაცმოძრაობის“ ლიდერები ერთმანეთს ულოცავდნენ. ამის შესახებ გამოცემას „ნაცმოძრაობასთან“ დაახლოებულმა წყარომ განუცხადა. მათივე თქმით, როცა პარტიის ლიდერებს გაუგიათ, რომ ვაზაგაშვილი გარდაიცვალა, სიხარულით, თურმე, აღარ იყვნენ, ჯერ ერთმანეთს ტელეფონით ულოცავდნენ ამ ამბავს და მერე, პარტიის მთავარ ოფისში ამის აღსანიშნავად შამპანურიც გაუხსნიათ. ყველა თურმე, ერთსა და იმავეს იძახდა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მტერი აღარ არის და აბა, ამის აღუნიშნაობა როგორ იქნებაო?
„ლიდერთა ერთი ჯგუფი თვლის, რომ ეს დანაშაული ჩადენილია იმ ხალხის ორგანიზებით, ვინც ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილეობდა, ვისი გვარებიც იური ვაზაგაშვილმა სიკვდილამდე 2 კვირით ადრე „ქრონიკასაც“ გაუმხილა და ბიძინა ივანიშვილსაც. მათ ძალიან უნდათ, ეს ასე იყოს, რადგან არც ერთი მათგანი პოლიტიკური ფიგურა არ არის. თუ ეს ადამიანები დაისჯებიან, „ნაციონალებს“ უკვე ჰქონიათ გეგმა, როგორ მოიქცნენ – დაგმობენ მათ საქციელს, გაემიჯნებიან და განაცხადებენ, რომ ეს ადამიანები შევარდნაძის დროინდელი კადრები იყვნენ, რომელთა მაღალ პოსტებზე ყოფნაც გამოეპარათ. „ნაციონალთა“ შედარებით საღად მოაზროვნე ნაწილი ამბობს, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე თუ სრულყოფილად გამოიძიეს, ზურაბ ადეიშვილსა და ვანო მერაბიშვილს, სულ მცირე, გამოძიების გაყალბების ბრალდება არ ასცდებათ და მათზე კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. თუ ეს ასეა და ლოგიკურად, ასეც უნდა იყოს, ცხადია, მაშინ ზურა ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობას ჩვეულებრივ დანაშაულად ვეღარ გაასაღებენ, რადგან მასში შს იმჟამინდელი მინისტრი და გენერალური პროკურორი იყვნენ ჩართულნი. წყაროს ინფორმაციით, დანაშაულში კი მონაწილეობდნენ ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელები, თუმცა, სასაფლაოზე ბომბი უშუალოდ მათ არ დაუმონტაჟებიათ, ეს გაკეთეს უკრაინიდან ჩამოყვანილმა სპეცსამსახურების ყოფილმა თანამშრომლებმა, რომლებიც კიევში დაიქირავესო. ის ხალხი კი, ვისაც იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის მკვლელებად ასახელებდა, მათ კონსულტაციას უწევდა და ოპერაციის დაგეგმვაში ეხმარებოდაო. ეს უკრაინელები საქართველოში ტურისტული ვიზით ყოფილან შემოსულნი და იური ვაზაგაშვილის მკვლელობიდან ცოტა ხანში საქართველო დაუტოვებიათ. ამბობენ, რომ მკვლელობის მეორე დღეს შეგნებულად არ წავიდნენ საქართველოდან, რომ რაიმე ეჭვი არ გამოეწვიათო. თითოეული მათგანისთვის 100 ათასი დოლარი გადაუხდიათ.
ის ლიდერები, რომლებიც 2006 წელს, „კორტების სპეცოპერაციის“ ჩატარებისას ხელისუფლებაში იყვნენ, აცხადებენ, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობით მიხეილ სააკაშვილიც დაინტერესებული იქნებოდა. ეს ხალხი იხსენებს იმ პერიოდს, როცა ვაზაგაშვილი და ხუბულოვი ჩაცხრილეს. საქმის ჩაფარცხვაში, მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილი უშუალოდ მონაწილეობდა, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი პრეზიდენტთან ერთად, მისავე კაბინეტში გეგმავდნენ საქმის გაყალბების დეტალებს, ხშირად მითითებებს უშუალოდ პრეზიდენტისგან იღებდნენო. მოკლედ, ეს ხალხი ამბობს, თუ ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის საქმე გაიხსნა, მკვლელობასა და საქმის გაყალბებაში მონაწილე პირები ალაპარაკდნენ, მაშინ, დიდი ალბათობით, მოწმეებმა შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილსაც დაადონ ხელი, როგორც ამ გაყალბების მთავარ ორგანიზატორსო“, – წერს „ალია“.