პანტომიმის თეატრის დირექტორი გიორგი რამიშვილს “თეთრ ხელთათმანს ესვრის”

პანტომიმის სახელმწიფო თეატრი ე.წ. აზარიანცის შენობაში კიდევ 1 წელი დარჩება. მაგრამ 2016 წლიდან ყველა ორგანიზაცია, რომელიც შენობაში იმყოფება, პანტომიმის თეატრის ჩათვლით, იძულებული გახდება, რომ დაკავებული ფართი დატოვოს, რადგან ასი წლის წინ აშენებული ისტორიული შენობის 90 %, დღეს “სილქ როუდ ჯგუფის” მფლობელობაშია.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ერთ წელიწადში ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავენ, შესაბამისად, უცნობია, თუ რა ელის შენობას. „სილქ როუდ ჯგუფმა“ აზარიანცის შენობის შესყიდვა 2005 წელს დაიწყო. 2012 წელს მაშინდელმა ხელისუფალმა მას აზარიანცის შენობის 600 კვ.მეტრი სიმბოლურ 1 ლარად გადასცა. სიმბოლურ ფასად გადაცემული ფართი პანტომიმის თეატრს ეკუთვნოდა, თუმცა თეატრი დღესაც შენობაში იმყოფება და არსად აპირებს წასვლას. “არც დღეს, არც ხვალ და არც ერთი წლის შემდეგ”, – აცხადებს პანტომიმის თეატრის დირექტორი ამირან შალიკაშვილი.
„ჩვენი თეატრის ნაწილს ახლაც გაყიდულის სტატუსი აქვს, თუმცა არსად გავდივართ. გიორგი რამიშვილმა ჩვენი თეატრის მხოლოდ 600 კვ. მეტრი იყიდა, მაგრამ თეატრი ისევ ფლობს 2400 კვ მეტრს. გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რამიშვილს ეს ფართი სიმბოლურ ფასად გადასცეს, უნდა გაუქმდეს. ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა თეატრის გასხვისებასთან დაკავშირებით, ასე არ შეიძლება. მაგრამ, საერთოდაც, თუ მან ერთ ლარად იყიდა ეს ისტორიული თეატრი, მაშინ მე ამ თეატრში 5 ლარს გადავიხდი, ასეა, ბატონო, კანონი და ეს იქნება ჩემი თეთრი ხელთათმანის სროლა. ჩემი იფორმაციით, როდესაც ნარმანიას ჩვენი თეატრის შესახებ გაუგია, უთქვამს, ჩვენ თეატრს ხელს არ ვახლებთო. მერია დახმარებას შეგვპირდა”, – აღნიშნავს შალიკაშვილი.
თბილისის კულტურის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, რომ პანტომიმის თეატრის საკითხის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა. 2016 წლის ბოლომდე ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ არსებული უფლებამოსილების ფარგლებში თეატრს მხარდაჭერა გამოუცხადონ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც 2012 წელს თეატრი სიმბოლურ 1 ლარად გაიყიდა, გაუქმდება. როგორც კულტურის სამინისტროში განაცხადეს, ეს დოკუმენტი კანონიერად შედგა და მისი გაბათილების ბერკეტი არც მერიას და არც კულტურის სამინისტროს არ გააჩნია. გარდა ამისა, არსებობს, ერთი მნიშვნელოვანი საკითხიც. ფართი, რომელიც, შალიკაშვილის აზრით, ჯერ კიდევ თეატრის მფლობელობაშია, საუბარია 2400 კვ მეტრზე. რეალურად პანტომიმის თეატრს აღარ ეკუთნის.
” იუსტიციის სამინისტროში მომხდარი რეფორმების შემდეგ ფართი რეესტრში არავის გაუტარებია. შესაბამისად, 2400 კვ.მ არც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და არც მერიის ბალანსზე. უფრო ამომწურავ პასუხს მე ვერ გაგცემთ, იმიტომ რომ ეს საჭიროებს იურისტის კონსულტაციას. ჩახლართული საკითხია, თუმცა ვფიქრობ, რომ პრიორიტეტი ასეთ შემთხვევაში, მაინც ფაქტობრივ მესაკუთრეს ენიჭება”,-განაცხადეს კულტურის საქალაქო სამსახურში.
იურისტი ანრი ფხაკაძე ამბობს, რომ თუ მესაკუთრე რეესტრში არ ფიქსირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შეუძლია მისთვის შენობის ჩამორთმევა, მაგრამ თუ ფაქტიური მესაკუთრე წლების განმავლობაში ამ შენობის ფართს იყენებს, მაშინ შენობის დამტკიცებაც უფრო მარტივი პროცედურა იქნება”,-აცხადებს ფხაკაძე.
“კვირა” დაინტერესდა, თუ რა გეგმები აქვს კომპანია „სილქ როუდ ჯგუფს“ 2016 წელს, რა პროექტების განხორციელებას გეგმავს ის და აპირებს თუ არა ის პანტონიმის თეატრის შენობიდან გასახლებას, თუმცა კომპანიაში კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

ნინი ჯაფარიძე

10947647_1538459359738969_1500754981_n 10956070_1538459313072307_1546392640_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები