ელბაქიძის დაღმართზე სატრანსპორტო მოძრაობა შესაძლოა, ცალმხრივად გაიხსნას

თბილისში, ელბაქიძის დაღმართზე, სატრანსპორტო მოძრაობა შესაძლოა, ათი დღის ვადაში ცალმხრივად, ელბაქიძის რუსთაველის გამზირიდან მარჯანიშვილის მიმართულებით გაიხსნას. ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, გოჩა ბაბუნაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ჯავახიშვილის, ე.წ. ელბაქიძის დაღმართზე ცალმხრივად მოძრაობის გახსნა შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც იქ ხიმინჯები დაიდგმება და ტერიტორია მიწით შეივსება. ბაბუნაშვილის განმარტებით, ეს დაახლოებით ერთი კვირის, ათი დღის ვადაში მოხერხდება.
“ვჩქარობთ, რათა გავხსნათ მოძრაობა. პარალელურად ხდება მიხეილ ჯავახიშვილის სახლის შემოწმება, ხომ არ არის ავარიული და სასწრაფოდ შესაკეთებელი რაიმე”, – აღნიშნა გოჩა ბაბუნაშვილმა.
მისივე განცხადებით, ადგილზე შესაბამისი სამსახურები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. დეპუტატის თქმით, მოძრაობის აღდგენა აუცილებელია იმის გამო, რომ რუსთაველზე ტრანსპორტის მოძრაობა ძალიან გადაიტვირთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები