„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ექსპორტისა და უცხოური ინვესტიციების წასახალისებლად ღონისძიებები დავიწყოთ“

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს სერიოზული მოლაპარაკებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში რამდენიმე საინტერესო ინვესტიცია განხორციელდეს. როგორც ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს ლარის კურსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, გასული წლის მესამე კვარტალში, უცხოური ინვესტიციების 100%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
“გასაგებია, რომ ზოგადად ინვესტორები ფრთხილად უყურებენ საერთოდ ინვესტირებას, ეს არ ეხება არც რეგიონს, ზოგადად არის ასეთი სიტუაცია, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, არის რამდენიმე სერიოზული მოლაპარაკება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში რამდენიმე საინტერესო ინვესტიცია განხორციელდეს”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ფინანსთა მინისტრის განმარტებით, შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოკლევადიან პერიოდში დაიწყება ღონისძიებები, რომელიც ექსპორტს, ტურიზმს და უცხოურ ინვესტიციებს წაახალისებს.
“უნდა აღინიშნოს, რომ თუ შევადარებთ სიტუაციას დოლარის მიმართ საქართველოში, რეგიონის სხვა ქვეყნებს და არა მარტო რეგიონში, პრაქტიკულად ყველა ვალუტა გაუფასურებულია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ თვალსაზრისით, ლარი გარკვეულწილად პოზიციებს ინარჩუნებს. ჩვენ ვაცნობიერებთ იმას, რომ საგარეო ფაქტორები არის შეცვლილი, მათ შორის ექსპორტის თვალსაზრისით. ამიტომ ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ძალიან აქტიურად, მოკლევადიან პერიოდში დავიწყოთ ღონისძიებები, რომელიც ექსპორტს წაახალისებს, ტურიზმს შეუწყობს ხელს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, წაახალისებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. ეს ღონისძიებები მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ლარის გრძელვადიანი სტაბილურობა შევინარჩუნოთ”, – განაცხადა ხადურმა.


კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები