ეკა ბესელია: საჭიროა ამ პატიმრის უსაფრთხოებისთვის ყველა ზომის მიღება

სახალხო დამცველის განცხადებაში მითითებული ფაქტების გამოძიება გადაუდებელია, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ომბუდსმენის სკანდალური განცხადების შეფასებისას განაცხადა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, მას აღნიშნული ინფორმაცია პირადად ია მეტრეველისგან ჰქონდა მოსმენილი. მისივე თქმით, აუცილებელია იმ პატიმრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატს მიაწოდა.
„გადაუდებელია სახალხო დამცველის განცხადებაში მითითებული ფაქტების გამოძიება. მე ქალბატონი იასგანაც მქონდა ეს ინფორმაცია, მან თავად იცის, რომ ასეთი დავალება მისცეს ერთ-ერთ პატიმარს მისი ლიკვიდაციის თაობაზე. ამიტომ ეს არის ძალიან საყურადღებო და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მძიმე დანაშაულის თაობაზე. ამდენად, გამოძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა ამ პატიმრის უსაფრთხოებისთვის ყველა ზომის მიღება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები ბუტა რობაქიძის დედის ია მეტრეველის მკვლელობის შეკვეთაში ამხილა. როგორც უჩა ნანუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ერთ-ერთ პირს, რომლის ვინაობასაც ომბუდსმენი არ ასახელებს, ირაკლი ფირცხალავამ და კახა ლეგაშვილმა ბუტა რობაქიძის დედის ია მეტრეველის მკვლელობა შეუკვეთეს.
ომბუდსმენის თქმით, მოწმე, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატს მიაწოდა, ამჟამად 10-წლიან სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდის. როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, მსჯავრდებულის ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები მისგან ასევე მოითხოვდნენ, მოეძებნა პირი, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები