მოწმემ სახალხო დამცველს სკანდალური ინფორმაცია იური ვაზაგაშვილის აფეთქების შემდეგ მიაწოდა
მსჯავრდებულმა ია მეტრეველის ლიკვიდაციის შესახებ სკანდალური ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს იური ვაზაგაშვილის აფეთქების შემდეგ მიაწოდა, – ამის შესახებ „კვირას“ სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, მსჯავრდებული სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინ დაჰკითხა.
„მსჯავრდებულმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს ახსნა-განმარტება რამდენიმე დღის წინ მისცა. ამ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ადრეც ფლობდა, თუმცა მსჯავრდებული ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავს იკავებდა. პატიმარმა ახსნა-განმარტების მიცემის შესახებ გადაწყვეტილება იური ვაზაგაშვილის აფეთქების შემდეგ მიიღო“, – აღნიშნეს სახალხო დამცველის აპარატში.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები ბუტა რობაქიძის დედის ია მეტრეველის მკვლელობის შეკვეთაში ამხილა. როგორც უჩა ნანუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ერთ-ერთ პირს, რომლის ვინაობასაც ომბუდსმენი არ ასახელებს, ირაკლი ფირცხალავამ და კახა ლეგაშვილმა ბუტა რობაქიძის დედის ია მეტრეველის მკვლელობა შეუკვეთეს.
ომბუდსმენის თქმით, მოწმე, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატს მიაწოდა, ამჟამად 10-წლიან სასჯლეს ნარკოდანაშაულისთვის იხდის. როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, მსჯავრდებულის ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები მისგან ასევე მოითხოვდნენ, მოეძებნა პირი, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას.