“ნაციონალურმა მოძრაობამ” პოლიციელისა და მოქალაქის საუბრის ამსახველი ორი ვიდეომასალა გაავრცელა (ვიდეო)

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე საპატრულო პოლიციის თანამშრომლისა და ერთ-ერთი მოქალაქის საუბრის ამსახველ ორ ვიდეომასალას ავრცელებს.
ჯაფარიძის ინფორმაციით, ვიდეომასალაში მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი, რომელმაც საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია, პირადი კონტაქტების საშუალებით ცდილობს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ადმინისტრაციული ჯარიმა არ გამოაწერინოს. ყუშიტაშვილი ახსენებს ზვიად ჯანყარაშვილს და თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსს, დათო ცინარიძეს.
“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი მიმართავს საგამოძიებო სტრუქტურებს, მომხდარი ფაქტი სასწრაფოდ გამოიძიონ.
“წარმოგიდგენთ ორ ეპიზოდს, სადაც ასახულია მოქალაქე, რომელმაც დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და მისი ურთიერთობა საპატრულო პოლიციასთან. ორივე შემთხვევაში ნათლად ჩანს ამ მოქალაქის უხეში დამოკიდებულება პატრულის თანამშრომლების მიმართ. გარდა ამისა, ჩანს, რომ მოქალაქე პირადი კონტაქტების საშუალებით ცდილობს, მოაგვაროს კანონთან მიმართებაში არსებული პრობლემა, კერძოდ, ის ამასთან დაკავშირებით უკავშირდება თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსსა და მის მოადგილეს. ამ კადრებიდან ძალიან ნათლად ჩანს, რომ სახეზეა სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა. ნათელია, რომ ხდება დაბრუნება შევარდნაძის დროინდელ პრაქტიკაში, როცა მოქალაქეები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს კანონის წინაშე, პრობლემას პირადი ნაცნობობით აგვარებენ”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ამასთან, ჯაფარიძის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ის თანამშრომელი, რომელსაც აღნიშნული მოქალაქე ერთ-ერთ ვიდეოში უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებს, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები