გია კორკოტაშვილი ხალხს საპროტესტო აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებს
მსახიობი გია კორკოტაშვილი 31 იანვარს, რუსთაველის ძეგლთან საპროტესტო აქციას აანონსებს. ხალხს მოუწოდებს, ქუჩაში გამოვიდეს და თქვას, რომ ის ქართველია – ამის შესახებ კორკოტაშვილმა გაზეთ „ალიასთან“ საუბრისას განაცხადა.
„ეს იქნება აქცია, სადაც გამოვალთ, ერთმანეთს დავენახებით, რომ ცოცხლები ვართ, ჯანმრთელები ვართ, არ გვეშინია არავისი, მათ შორის არც ტერორისტული აქტების. მომავალ აქციამდე დავსვამთ საკითხებს, რომელიც ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს. თუ არ შეასრულა, ან არ შესრულდა, მაშინ ჩვენს მოთხოვნებზე გადავალთ. აქციას ორგანიზებას დავით თარხან-მოურავი უწევს. შემოვიარეთ ქალაქი და კიდევ უნდა შემოვიაროთ. საზოგადოებას მოვუწოდებთ სოლიდარულები ვიყოთ ამ წამოწყებისადმი, ეს ინიციატივა „ალიანსმა“ აიღო. ორგანიზაციული საკითხებია მოსაგვარებელი. მოვუწოდებ ხალხს, ყველას დაველაპარაკე, ვუთარი, რომ ახლა გაბუტვის დრო არ არის, საზოგადოების დიდი ნაწილი უნდა მოგროვდეს, ვინც ქალაქში არიან. პირველ რიგში, საზოგადოებას გამოვაღვიძებთ და ვაჩვენებთ, რომ არ ვართ ის ხალხი, საპარლამენტო სიებში მოხვედრაზე „ჩალიჩს“ რო დავიწყებთ ან მთავრობაში მოსვლა რომ გვინდა. თითოეულმა ადამიანმა უნდა თქვას, რომ ის საქართველოა. საქართველოდ უნდა იგრძნონ მათ თავი და არ უნდა დაავალონ თეთრ ცხენზე ამხედრებულ ადამიანს ყველაფერი, რომელისგანაც ხურჯინით ფულებს ელოდება. ყველა ადამიანმა თავისი წვლილი უნდა გაითვალისწინოს და გააანალიზოს“,- განაცხადა კორკოტაშვილმა გაზეთ „ალიასთან“ საუბრისას.