ია მეტრეველი: თუ რამე შემემთხვა, ავარია ან სხვა, “ნაციონალების” მიერ ჩადენილი იქნება
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას პოლიციის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის განცხადებით, იური ვაზაგაშვილის აფეთქება იმ მკვლელებმა მოაწყვეს, რომლებიც ჯერ კიდევ დაუსჯელები დადიან და მეტიც, დღემდე მაღალ თანამდებობებზე რჩებიან, – ამის შესახებ ია მეტრეველი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს. შვილმოკლული დედა არ გამორიცხავს, რომ მკვლელის შემდეგი სამიზნე თავად იყოს.
„ათი წლის განმავლობაში ყოველ დღე ველოდით, რომ ჩვენი შვილების შემდეგ მათი მკვლელები ჩვენც დაგვხოცავდნენ. პირადად ჩემი ლიკვიდაციის ბრძანება გაცემული იყო, მაგრამ ამის გაკეთება სააკაშვილის ხელისუფლების პირობებშიც კი ვერ გაბედეს და აი, როცა მეგონა, რომ ჩვენი შვილების მკვლელების დასჯას მოვესწრებოდით, ჩვენც გვხოცავენ! არ გამოვრიცხავ, ახლა ნადირობა ჩვენზე დაიწყონ. დიახ, ამ მკვლელების შემდეგი სამიზნე, ალბათ, მე ვიქნები ან ის ადამიანი, რომელსაც ჩემი ლიკვიდაცია დაავალეს და რომელიც დამკვეთთა სახელებსა და გვარებს ასახელებს. ის დღეს ციხეშია და ყველა შესაბამის უწყებას ვთხოვ, მისი სიცოცხლე დაიცვან. პირდაპირ ვაცხადებ – თუ რამე შემემთხვა, ავარია ან სხვა უბედური შემთხვევა, ეს ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი მორიგი მკვლელობა იქნება“, – ამბობს ბუტა რობაქიძის დედა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას.
ამასთან, მეტრეველის თქმით, ამ შემზარავი ფაქტით ,,ნაციონალებმა“ დაგვანახეს, რამდენად სასტიკნი და ცივსისხლიანნი არიან.