აფხაზეთის ომის დროს მოპარული ხატები – რა ბედი ელის საგანძურს

რუსეთში გარდაცვლილი ქართველი ბიზნესმენის ივანე შერვაშიძის ანდერძის შესრულებას მისივე მეგობარი ცდილობს. იგი აფხაზეთის მუზეუმისთვის ივანე შერვაშიძის მიერ წლების წინ შესყიდული ხატების გადაცემას აპირებს. ქართველი ბიზნესმენის მეგობარმა წერილი და ხატები თვითმკვლელის ბინაში 3 დღის წინ შემთხვევით იპოვა – ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ 68 წლის ივანე შერვაშიძემ 17 დეკემბერს მოსკოვში, სასტუმრო “ნაციონალში” თავი მოიკლა. რუსული მედიის ინფორმაციით, თვითმკვლელობა სასტუმროს სათვალთვალო ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს. ბიზნესმენმა წერილი დატოვა, რომელშიც სიკვდილის შემდგომ კრემაცია მოითხოვა.
„სასურველია, ფერფლი შავ ზღვაში და ბალტიის ზღვაში მიმოაბნიოთ”, – აღნიშნულია წერილში.
სუიციდის შემთხვევიდან ერთი თვის შემდეგ კი მისმა რუსმა მეგობარმა სერგეი აკსიუტჩეკმა ივანე შერვაშიძის ნივთებში ორი ხატი და კიდევ ერთი წერილი იპოვა.
აკსიუტჩეკის თქმით, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე შერვაშიძემ მის ბინაში ღამე გაათია, დილით კი ადრიანად წავიდა. როგორც ჩანს, სწორედ იმ ღამით ბიზნესმენმა მეგობართან პატარა ჩანთა დატოვა, სადაც ხატები და წერილი ინახებოდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, წერილში წერია, რომ ხატები 90-იან წლებში საომარი მოქმედებების დროს აფხაზეთიდან იყო მოპარული. შერვაშიძემ ისინი გამოისყიდა და უნდოდა სოხუმში დაებრუნებინა, მაგრამ ვერ მოასწრო. ამიტომ ამ სურვილის შესრულებას მეგობარს სთხოვდა. სერგეი აკსიუტჩეკი მისი დანაბარების შესრულებას და უნიკალური ხატების აფხაზეთში ჩატანას აპირებს. აფხაზი ღვთისმსახურის დავით სარსანიას ინფორმაციით, ერთ ხატზე წმინდა გიორგია გამოსახული, მეორეზე კი – მთავარანგელოზებს შორის მდგარი დადიანების გვარის ერთ-ერთი თავადი, – წერს „რეზონანსი“.
სარსანია ვარაუდობს, რომ ორივე ხატი თავის დროზე შესაძლოა, ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის კუთვნილება იყო და ომის დროს, ისევე როგორც სხვა რამდენიმე ძვირფასი ხატი, ისინიც მოიპარეს. რუსი ხელოვნებათმცოდნის ინფორმაციით, ხატების წარმომავლობა, სავარაუდოდ, მეთექვსმეტე-მეცხრამეტე საუკუნეებს უკავშირდება. მათი თქმით, უფრო ზუსტ პასუხს ექსპერტიზის შედეგები გამოავლენს.
“ორივე ხატი უძველესი და ძალიან საინტერესოა. თანაც, ორივე კარგად არის შემონახული. პრაქტიკულად, არავითარი დაზიანება არ აქვს, რაც კიდევ უფრო ზრდის მათ ისტორიულ ღირებულებას”, – აცხადებენ ხელოვნებათმცოდენები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები