რატომ არ იყვნენ ვაზაგაშვილის გასვენებაში სანიკიძე, ძიძიგური, გუჯაბიძე, კობახიძე
რატომ არ იყვნენ იური ვაზაგაშვილის გასვენებაში გუბაზ სანიკიძე, ზვიად ძიძიგური, ბიძინა გუჯაბიძე, მანანა კობახიძე – ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ საგაზეთო რეპორტაჟს აქვეყნებს.
ავტორი იური ვაზაგაშვილის მიერ მისთვის მიცემულ ინტერვიუს იხსენებს.
როგორც ჟურნალისტი წერს, მასთან ინტერვიუში იური ვაზაგაშვილმა გულდაწყვეტით აღნიშნა, რომ ის ხალხი, ვინც “მისი და სხვისი შვილების სისხლით ხელისუფლებაში მოვიდა“, ახლოს არ იკარებდა.
“ჩემთან ინტერვიუში იური ვაზაგაშვილმა გულდაწყვეტით აღნიშნა, რომ ის ხალხი, ვინც მისი და სხვისი შვილების სისხლით ხელისუფლებაში მოვიდა, ახლოს არ იკარებდა. კონკრეტულ გვარებსაც ასახელებდა: მანანა კობახიძეს, გუბაზ სანიკიძეს, ბიძინა გუჯაბიძეს, ზვიად ძიძიგურს, ეს დეპუტატები იური ვაზაგაშვილის ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ, წლების მანძილზე ვაზაგაშვილის საზოგადოებრივ კლუბ “ჯაზუში“ გეგმავდნენ “ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ აქციებსა და სხვა საპროტესტო მოქმედებებს.
“ჯერ ჩემთან, “ჯაზუში“მოდიოდნენ. ვგეგმავდით ყველაფერს და მერე მიტინგებზე მიდიოდნენ. მპირდებოდნენ, რომ ჩემი ზურას მკვლელებს დასჯიდნენ, მაგრამ დღეს ახლოს არ მეკარებიან, რამდენიმე კაცის გარდა, ყველამ მიმივიწყა და ზურასა და უდანაშაულოდ დახოცილი სხვა ბიჭების საქმეები საერთოდ აღარ აინტერესებთ“,-აცხადებდა „ქრონიკასთან“ იური ვაზაგაშვილი.
„შესაძლოა, ვინც ზემოთ ჩამოვთვალე, ის პოლიტიკოსები იყვნენ იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე სამებაში, მაგრამ ყარაფილაში, ოჯახში, პანაშვიდზე არც ერთი არ მივიდა და არც უკანასკნელ გზაზე არ გააცილა ცხონებული. იური ვაზაგაშვილის მეზობლები აცხადებენ, რომ გუბაზ სანიკიძემ, ზვიად ძიძიგურმა, ბიძინა გუჯაბიძემ, მანანა კობახიძემ და სხვებმა იმიტომ აარიდეს დაკრძავაზე მისვლას თავი, რომ იური ვაზაგაშვილის მეუღლის, ოჯახის წევრების საყვედურები არ მოესმინათ და საქვეყნოდ არ გაპამპულავებულიყვნენ. არადა, იურის მეუღლე ტირილში ხშირად ამბობდა, რომ მისი მეუღლე ყველაზე კრიტიკულ მომენტში მიატოვეს იმ მეგობრებმა, რომელთა დახმარებაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა და ეს ხალხი რომ გვედით დასდგომოდა, იური დღეს ცოცხალი იქნებოდაო“, – წერს ჟურნალისტი.