ნინო ბურჯანაძე “რევოლუციური პროცესების დაწყებას” არ გამორიცხავს – “უკრაინაში სააკაშვილის ზონდერები იბრძვიან”
პოლიტიკური პარტია “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს , ნინო ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ ახლო მომავალში, საქართველოში მოვლენები უარესობისკენ განვითარდება.
ნინო ბურჯანაძე არც რევოლუციური პროცესების დაწყებას გამორიცხავს. ამის შესახებ მან გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას განაცხადა.
,,ღმერთმა არ ქნას, რომ ჩემი ეს პროგნოზი გამართლდეს, მაგრამ უახლოეს 6 თვეში, საქართველოში ძალიან მძიმე პროცესები განვითარდება. არ გამოვრიცხავ, რომ რევოლუციური პროცესები დაიწყოს და ქვეყანა ძალიან მძიმე შიდა დაპირისპირებამდე მივიდეს“, – მიიჩნევს ბურჯანაძე.
როგორ ნინო ბურჯანაძემ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად ,,ნაციონალურ მოძრაობას“ საკმარისზე მეტი ფინანსები გააჩნია.
„არ დაგავიწყდეთ, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას“ უზარმაზარი ფული აქვს. ,,ქართულმა ოცნებამ“ ისიც კი ვერ მოახერხა, რომ ,,ნაცმოძრაობისთვის“ ფინანსური ნაკადები გადაეკეტა. ,,ნაცმოძრაობა“ საქართველოში დღესაც ყოველთვიურად იღებს მილიონობით შემოსავალს. შეხედეთ რა ხდება – ყოფილი მინისტრები, ყოფილი მინისტრის მოადგილეები თუ დეპარტამენტის უფროსები ყოველდღე ქმნიან ახალ-ახალ არასამთავრობო ორგანიზაციებს. კითხვა არავის უჩნდება, ეს ორგანიზაციები ასე უცებ საიდან იღებენ უზარმაზარ დაფინანსებას“,- აღნიშნა ბურჯანაძემ. როგორც პარტიის ლიდერი აცხადებს, უკრაინაში ბევრი მებრძოლი მიხეილ სააკაშვილის ზონდერია, რომლებსაც ექსპრეზიდენტი საქართველოში დესტაბილიზაციის მოსაწყობად გამოიყენებს. ,,ავანტიურისტებს ხალხის მხარდაჭერა არ სჭირდებათ. ყველას არ ვგულისხმობ, მაგრამ ძალიან ბევრი ქართველი, რომლებიც დღეს უკრაინაში იარაღით ხელში იბრძვის, სააკაშვილის ზონდერები არიან, რომლებიც 26 მაისის აქციის დარბევაში მონაწილეობდნენ. ეს ადამიანები იმ იარაღს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისაკენ შემოატრიალებენ. ,,ნაციონალებმა“ ძალიან კარგად იციან, რომ ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერ დაბრუნდებიან, ამიტომაც განაცხადა სააკაშვილმა, რომ საქართველოში ძალიან მალე დავბრუნდები და ამისათვის არჩევნები სულაც არ მჭირდებაო“,- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას.