„ალია ჰოლდინგის“ ჟურნალისტი კეზერაშვილზე სკანდალურ ინფორმაციას ახმაურებს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი 2006 წელს მომხდარი ავარიის გამოძიების გაყალბებაში მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ალია ჰოლდინგის“ ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი ავრცელებს.
ჟურნალისტის განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა, ერთ-ერთ ავტომობილში კი თავად კეზერაშვილი იჯდა.
„2006 წლის 4 ივლისს, სამტრედიის რაიონის სოფელ ახალსოფელში, ავტოავარია მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე მყოფ „აუდის“ მარკის ავტომობილს საპირისპირო მიმართულებით მომავალი მანქანა დაეჯახა. „აუდის“ ალექსანდრე ამიროვი მართავდა, რომელშიც დავით კეზერშვილი, მისი მეუღლე სოფიო ჩიქოვანი და იოსებ მაღრაძე ისხდნენ. მეორე მანქანში ისხდნენ გიორგი თოდუა, მისი შვილი, 3 წლის დეა თოდუა, მისი და თეა თოდუა და კიდევ ერთი ქალბატონი. გიორგი თოდუა და მისი მცირეწლოვანი შვილი ადგილზე გარდაიცვალნენ.
გამოძიების თანახმად, გამოიკვეთა გარდაცვლილ გიორგი თოდუას ბრალეულობა და საქმის გამოძიება 2006 წლის 30 ოქტომბერს შეწყდა.
მაქვს ინფორმაცია, რომ სინამდვილეში გამოძიება გაყალბდა და გარდაცვლილი გიორგი თოდუა უდანაულო იყო. ჩემი ინფორმაციით, „აუდის“ მართავდა არა ალექსანდრე ამიროვი, არამედ დავით კეზერაშვილი, რომელიც დაეჯახა გიორგი თოდუას მანქანას და ამის გამო დაიღუპნენ გიორგი თოდუა და მისი 3 წლის შვილი. ამის შემდეგ, დავით კეზერაშვილმა ზეწოლა მოახდინა გამოძიებაზე და ავარიაში მიცვალებული დაადანაშაულეს. ასევე, ზეწოლითა და ჯერჯერობით, ჩემთვის უცნობი მიზეზებით, მოახერხეს გიორგი თოდუას ოჯახის წევრების გაჩუმება, ამ საქმიდან დავით კეზერაშვილი სუფთად გამოძვრა და ორი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი შერჩა. მომაწოდეს ინფორმაცია,რომ ამ საქმის ჩაფარცხვაში, უშუალოდ მონაწილეობდნენ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი. უკვე დაწყებული მაქვს ამ ავტოსაგზაო შემთხვევის, სავარუდოდ, დავით კეზერაშვილის და „ნაცმოძრაობის“ სხვა ლიდერთა კიდევ ერთი შემზრავი დანაშაულის ჟურნალისტური გამოძიება“, – აცხადებს ლევან ჯავახიშვილი.