ნინო გოგუაძე: ალექსანდრე ჭიკაიძე კი არ გადადგა, მოხსნეს
ალექსანდრე ჭიკაიძე კი არ გადადგა, მოხსნეს, – ასე აფასებს “თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე შს მინისტრობიდან ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ გადადგომის თაობაზე განცხადების დაწერის ფაქტს.
“ალექსანდრე ჭიკაიძე მოხსნეს. ზუსტად ვიცი, როგორც ხდება ასეთი გადადგომები. ძალიან კარგია, რომ ჭიკაიძე მოხსნეს, მაგრამ საკმარისი არ არის. ქვეყანაში შექმნილია ძალიან მძიმე კრიმინოგენური ვითარება, რომელიც ჩვენი თანამებრძოლის, იური ვაზაგაშვილის წარმოუდგენლად ცინიკური აფეთქებით დასრულდა. ეს არ შეიძლება მარტო ალექსანდრე ჭიკაიძის ბრალი იყოს. მომხდარი მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლების ბრალია. თუკი სურთ შექმნილი ვითარების გამოსწორება, უნდა შეიცვალოს მართვის პრინციპი და სხვა უფრო სერიოზული საკადრო გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. უნდა გადადგეს პრემიერ-მინისტრი”, – აცხადებს ნინო გოგუაძე.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ჭიკაიძემ შს მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს მიმართა. “მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას. იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ. გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა”, – ნათქვამია ჭიკაიძის განცხადებაში.