“ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციის მიზნით მასზე თავდასხმა იგეგმება”

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციის მიზნით მასზე თავდასხმა იგეგმება – ამის შესახებ გაზეთი „ალია“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს და აღნიშნავს, რომ თავდასხმის მომზადება მკვლელობაში კარგად გამოცდილ პროფესიონალთა ჯგუფს აქვს დავალებული.
წყაროს მტკიცებით, ამ გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო იური ვაზაგაშვილის აფეთქება.
მისი განცხადებით, 2014 წლის დეკემბერში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში იმყოფებოდა, კიევის მახლობლად მან შეხვედრა გამართა რამდენიმე პიროვნებასთან, მათ შორის ერთ-ერთი საზღვარგარეთიდან იყო ჩასული. ამ შეხვედრის შემდეგ სააკაშვილმა „ნაცმოძრაობის“ თანმხლებ მებრძოლ ფრთას განუცხადა, რომ “საქართველოში ბიძინა ივანიშვილის პარპაშს ბოლო მალე მოეღებოდა. ამისთვის გამოყენებული იქნება ყველა საშუალება, მათ შორის ძალისმიერიცო“.
„ალიას“ ინფორმირებული წყაროს ცნობით, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაგეგმილ თავდასხმაში უკრაინაში მებრძოლ იმ მოხალისეებს გამოიყენებენ, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის სხვადასხვა სპეცსამსახურებში მსახურობდნენ.
“ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციას მიხეილ სააკაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდეც ამზადებდა. მაშინ მისი ლიკვიდაცია ბაჩო ახალიას „სასტავის“ მიერ, თავდაცვის სამინისტროდან იგეგმებოდა. მაშინ ვწერდით, რომ სპეცრაზმმა „შუშის სასახლეში“ ივანიშვილის დაცვის წევრები განაიარაღა, „გლოკის“ ტიპის პირადი იარაღი ჩამოართვეს თავად ბიძინა ივანიშვილსაც. სცენარის თანახმად, შეიარაღებულ თავდამსხმელებს უნდა აეტეხათ სროლა და ამ სროლისას ივანიშვილის ლიკვიდაცია უნდა მოეხდინათ, მაგრამ „სპეცოპერაცია“ ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ჩაშალა, ეს ადამიანი ივანიშვილთან სახლში მივიდა და არჩევნების დასრულებამდე არ მოშორებია“, – აცხადებს ინფორმირებული წყარო. მისი ინფორმაციით, მაშინ ივანიშვილს ჰქონდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი მის ლიკვიდაციას აპირებდა და ამიტომაც იყენებდა მიტინგების დროს ტყვიაგაუმტარ მინას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები