თინა ხიდაშელი: ირაკლი ფირცხალავასთან ძალიან ბევრი შეკითხვა გვაქვს
ჩემი ინფორმაციით, ის ადამიანები, რომლებიცზურაბ ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებდენ, დღესდღეობით თანამდებობაზე არ რჩებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა. მისი განცხადებით ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ უნდა დარჩეს.
„ამაში დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ადამიანები, რომლებიც უშუალოდ არიან დამნაშავეები სპეცოპერაციის დროს იმ სისასტიკისთვის, რომელიც მთელმა საზოგადეობამ ნახა, წინა ხელისუფლების პირობებში მფარველობდნენ. არიან თუ არა ეს ადამიანები თანამდებობაზე დღემდე, არ ვიცი. ჩემი ინფორმაციით, არ არიან. თუმცა შესაძლებელია საქმეში ფიგურირებდეს ვინმე, ვინც დღესაც ისევ მუშაობს, ეს ნამდვილად არ ვიცი.
ეს საქმე არის საქმე, რომელზეც კითხვა არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი. ის ადამიანები, რომლის შესახებაც ინფორმაცია მაქვს, დღეს ხელისუფლებაში აღარ არიან,” – განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროს ირაკლი ფირცხალავასთან ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობს.
„ყველას ძალიან ბევრი შეკითხვა გვაქვს. იმედი მაქვს, ამ კითხვებზე ის ოდესმე სასამართლოში პასუხს გასცემს. კითხვები არა მხოლოდ ვაზაგაშვილის საქმეზეა. ეს არის საქმე, რომელზეც არც ერთი კითხვა არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი. გამოძიება უნდა იყოს ისე, რომ არავის ლეგიტიმური კითხვა არ დარჩეს. არის მომენტი, როდესაც გგონია, რომ იცი სისატიკის მასშტაბი, მაგრამ მკვლელობა ასეთი ცინიზმით, ნამდვილად არ მინახავს. ასეთი ამბები შემთხვევით არ ხდება. ეს დაუსჯელი არ უნდა დარჩეს,” – აცხადებს თინა ხიდაშელი.