„იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის უსწრაფესად გამოძიება ხელისუფლების ყოფნა-არყოფნის საკითხია“
იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის უსწრაფესად გამოძიება და დამნაშავეების დასჯა მთელი ხელისუფლების ყოფნა-არყოფნის საკითხია, – ამის შესახებ ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ალექსი პეტრიაშვილმა მწუხარება გამოთქვა იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო.
“მინდა მწუხარება გამოვხატო ამ შემზარავი მკვლელობის შედეგად დაღუპული, მართლაც, ძალიან ღირსეული ადამიანის, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
რაც შეეხება პროკურატურის საქმიანობას, ალექსი პეტრიაშვილის თქმით, ამ უწყების საქმიანობა მას არაერთხელ შეუფასებია.
“რაც შეეხება პროკურატურის საქმიანობას, ზოგადად, მათ საქმიანობაზე მე ჩემი შეფასება არაერთხელ გამიხმოვანებია, მაგრამ ეს უკვე კონკრეტულად პროკურატურის კი არა, მთელი ხელისუფლების ყოფნა-არყოფნის საკითხია. მართლაც, ამ მკვლელობის, პირდაპირ ვიტყვი, ტერორისტული აქტის უსწრაფესად გამოძიება და დამნაშავეების დასჯა, საზოგადოების, პოლიტიკური სპქეტრის, თითოეული ჩვენგანის მოთხოვნაა, რომ ეს უმოკლეს დროში იყოს გამოძიებული”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. საქართველოს მთავარი პროკურატურა იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.