გადაკვალიფიცირდება თუ არა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე – რას აცხადებს ირაკლი სესიაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი იური ვაზაგაშვილის მკვლელობას ტერორისტულ აქტს უწოდებს და არ გამორიცხავს, რომ მომავალში საქმის გამოძიება ტერორიზმის მუხლით გადაკვალიფიცირდეს.
დეპუტატის შეფასებთ, იური ვაზაგაშვილის მკვლელობა მიზანმიმართული იყო არა ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის ხელის შეშლისკენ, არამედ საზოგადოების დაშინებისკენ და სახელმწიფო სტაბილურობის მოშლისკენ.
“ჩვენ ყველას შინაგანი რწმენა და ეჭვი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მისი შვილის გამოძიებას უკავშირდებოდა, თუმცა მე მიმაჩნია, რომ დამკვეთის მიზანი ვერ იქნებოდა ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაში ხელის შეშლა. მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდებოდა ეს ტერორისტული აქტი, ამ საქმისთვის ხელის შეშლა წარმოუდგენელი იყო, რადგან გამოძიება ბოლომდე არის მიყვანილი და ეს ტერორისტული აქტი ვერ შეაჩერებს გამოძიების პროცესს. დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტი მონდომებით მოხდება ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის ბოლომდე მიყვანა. მიმაჩნია, რომ ჩადენილი აქტი თავისი ხასიათით უფრო ჰგავს ტერორისტულ ქმედებას. ტერორიზმის მიზანია საზოგადოების ფართო მასების შოკირება, მათზე ზემოქმედების მოხდენა და გარკვეულწილად დაუცველობის განცდის გაჩენა საზოგადოებაში. ეს აქტი უფრო მეტად მიმართულია საზოგადოების ტერორისკენ, დაშინებისკენ, რასაც, უნდა ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა, ჰქონდეს პოლიტიკური მოტივები. არავისკენ ხელს არ ვიშვერ, თუმცა იური ვაზაგაშვილის მკვლელობა მიზანმიმართული იყო არა ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის ხელის შეშლისკენ, არამედ საზოგადოების დაშინებისკენ და სახელმწიფო სტაბილურობის მოშლისკენ. მუხლი, რითაც აღიძრა საქმე, ამ ეტაპზე სწორია, თუმცა შემდგომ შესაძლებელია შეცვლა და ტერორიზმის მუხლით გადაკვალიფიცირება”, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. საქართველოს მთავარი პროკურატურა იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.