გალის რაიონში “მილიცია” წმენდით ოპერაციებს” ატარებს

გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში ე.წ. აფხაზური მილიცია და რუსი ოკუპანტები “წმენდით” ოპერაციას ატარებენ. სოფელ ოტობაიაში და სოფელ ფიჩორში ორი ოჯახიდან აყვანილი ჰყავთ ხუთი ადამიანი.
ამ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში ადასტურებენ.
როგორც “კვირას“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელძღვანელმა ოთარ გოგოხიამ განუცხადა, „წმენდის“ შედეგად სოფელ ფიჩორიდან, ორჟონიების ოჯახიდან სამი პირი, ხოლო ოტობაიადან ორი ძმა – ჯოჯუები აიყვანეს. გოგოხიას ინფორმაციით, გალის რაიონის დაბალ სოფლებში 12 იანვრის “წმენდა“ გალის რაიონში მომხდარი ე.წ. ანტიტერორისტული სპეცოპერაციის გაგრძელებაა.
მისივე თქმით, სოფლებში “მილიცია“, სავარაუდოდ, იმ “ბანდიტებს“ ეძებს, რომელთა აყვანა 12 იანვარს ვერ მოხერხდა.
“ჩემი ინფორმაციით, სოფელ ფიჩორიდან სამი პირი, ხოლო ოტობაიადან ორი ძმა აიყვანეს. “მილიცია“ ე.წ. ქართული დაჯგუფების იმ გაქცეულ წევრებს ეძებს, რომლებმაც 11 იანვარს სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრი მამაკაცი გაიტაცეს“,- განუცხადა “კვირას“ გოგოხიამ.
შეგახსენებთ, რომ გალის რაიონში მცხოვრები სამივე ქართველი 12 იანვარს სოფელ რეპში ჩატარებული „სპეცოპერაციის“ შედეგად მოკლეს. გალის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრებმა რამდენიმე პირმა 11 იანვარს სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრი მამაკაცი გაიტაცა, რომელმაც გაქცევა მოახერხა და ერთ-ერთი გამტაცებელიც მოკლა, გატაცების შესახებ კი “აფხაზურ სამართალდამცველებს“ აცნობა.
სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპნენ ასევე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომელი ედუარდ ნერსესიანი და რუსეთის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელი ანდრეი უდალცევი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები