ეკა ბესელია პარტია “ქართული ოცნების” განახლებას აანონსებს
პარტია „ქართული ოცნების“ სტრუქტურების განახლება იგეგმება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად პარტიის რეგიონალური ორგანიზაციების მუშაობის ანალიზი მიმდინარეობს.
„ვგეგმავთ მთლიანად პარტიის სტრუქტურების გარკვეულ განახლებას, ჩვენი აქტივის გაძლიერებას. ამ დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ჩვენი რეგიონალური ორგანიზაციების მუშაობის ანალიზი და ვაპირებთ, რომ მოხდეს განახლება და გაძლიერება“, – განაცხადა ბესელიამ.
უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძის „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივნად დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, კობახიძის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად იქნა მიღებული.
„ეს არის დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილება, სწორედ კობახიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით. რაიმე ქვეტექსტების ძებნა ღიმილისმომგვრელია. არავითარი ფარული, ირიბი, პირდაპირი თუ გვერდითი მოვლენები არ უკავშირდება. ეს არის პერსონალურად მიღებული გადაწყვეტილება“, – აღნიშნა დეპუტატმა.