მაღრაძე: ირაკლი კობახიძის მამა რომ ნინო ბურჯანაძის თანამოაზრეა, პრობლემას ვერ ვხედავ
უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე “ქართული ოცნების” მდივნის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
როგორც “პირველის” პრესკლუბში მაღრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრობლემას ვერ ხედავს, რომ ირაკლი კობახიძის მამა გია კობახიძე ნინო ბურჯანაძის თანამოაზრეა.
„ირაკლის დიდი ხანია, ვიცნობ. არის ძალიან განათლებული, მაღალი კვალიფიკაციის მქონე, წესიერი პიროვნება. ნამდვილად კარგი კონსტიტუციონალისტია და კარგი რეპუტაციით სარგებლობს. ამიტომ მოხარული ვიქნები, თუ ასეთი ადამიანი პარტიის საქმიანობაში, როგორც აღმასრულებელი მდივანი, ისე ჩაერთვება. მე მივესალმები მის კანდიდატურას. პარტიას იდეოლოგიის გამოკვეთის მხრივ მუშაობა დასჭირდება და ამ მხრივაც ირაკლის გამოცდილება სასარგებლო იქნება. მასთან ჩვენი მხრიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ახლა ირაკლიმ უნდა აწონ-დაწონოს სიტუაცია. ვიმედოვნებ, ირაკლი შეთავაზებას დათანხმდება. დიახ, ყველასთვის ცნობილია, რომ ირაკლი გია კობახიძის შვილია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ირაკლის სხვა პარტიაში მუშაობის უფლება არ აქვს. გია კობახიძე წესიერი ადამიანია. თუ ის ფიქრობს, რომ ბურჯანაძესთან უნდა იყოს, იქნება, ხოლო თუ მის ზრდასრული შვილს სხვა პარტიაში მუშაობა სურს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.