„ევროპაში დაბლოკილი პროდუქტი ქართულ ბაზარზე“ – რატომ არის ის საშიში განსაკუთრებით მამაკაცებისთვის
ქართულ ბაზარზე ჯანმრთელობისთვის საშიში ქათამი იყიდება. ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ორგანიზაცია „ანტიკორუფციული კავშირის“ თავმჯდომარე გია ბურჯანაძე საუბრობს.
„პროდუქტი, რომელიც საქართველოში შემოდის, ეს არის ევროპის ქვეყნების მიერ დაბლოკილი პროდუქტი. როცა ქათამი 10 დღეში 2 კილომდე იზრდება, გარწმუნებთ, ეს არ არის ბუნებრივი პროცესი. ცხადია, ასეთი ქათმის გასუქება ხდება ხელოვნურად, სპეციალური ჰორმონების საშუალებით, რომელიც მავნედ მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. ეს არის იმის მიზეზი, რომ ასეთი პროდუქტები ევროკავშირის ბაზარზე ვერ ხვდება. სამწუხაროდ, იმას, რაც სხვა ქვეყნებში აკრძალულია უხარისხობის გამო, ჩვენთან ძალიან დიდი გასაღება აქვს. საქართველოს გარდა, ასეთი პროდუქცია შედის ინდოეთსა და აფრიკის გარკვეულ ქვეყნებში. არანაირი საკანონმდებლო რეგულაცია ამ კუთხით არ არსებობს. პრობლემაა მომხმარებლების თვითშეგნების დონეც. საზოგადოება თვითონ ვერ აცნობიერებს ამ პრობლემას. ქათმებს, რომელიც აქ 8 და 10 ლარად იყიდება, რეალურად მწარმოებელ ქვეყანაში, სულ რაღაც, 50 ცენტად ყიდულობენ.
საქართველოში შემოტანილი იყო ქათმის ვადაგასული პროდუქტები, რომელიც საქართველოში იცვლიდა შეფუთვას და რეალიზდებოდა, როგორც ხანგრძლივვადიანი. გადავსებულია ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებით საავადმყოფოები“, – ამბობს ბურჯანაძე.
მისივე თქმით, აღნიშნულ პროდუქტებს სიმსივნის გაჩენაც შეუძლია.
„ეს ქიმიური ნივთიერებები იმდენად საშიშია, რომ ასეთ მძიმე დაავადებებსაც კი იწვევს. იმპორტიორს სულ არ აინტერესებს, ერთ კვირაში გაზრდილი ქათმით მოწამლავს თუ არა მომხმარებელს, მაგრამ სახელმწიფომ ხომ მაინც უნდა იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე?! არც ერთი მაღალჩინოსანი თავის ოჯახში არ შეიტანს იმას, რასაც რიგით მოქალაქეებს გვაჭმევენ“, – აცხადებს „ანტიკორუფციული კავშირის“ თავმჯდომარე „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში.
როგორც გამოცემა წერს, იმპორტირებული ქათმის გარკვეული სახეობა განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს მამაკაცებზე, რადგან გაყინული ქათმები ჰორმონებზეა გაზრდილი. ქათამი გაჯერებულია 6 ქალური ჰორმონით, მათ შორის, პროგესტერონით. ამიტომაც, თუ მამაკაცი ასე გაჯერებულ ქათამს მიირთმევს, მას ბუნებრივად დაეცემა ტესტოსტერონი იმ ზღვრამდე, რომლიდანაც აღდგენა შემდეგ შეუძლებელია. გამოცემის ცნობით, ფრინველის ხორცის ქართულ ბაზარზე გაყინულ ქათამს 23,9% უკავია, რაც შეეხება ნედლ წიწილს, მის წილად მხოლოდ 2,5% მოდის.
აღნიშნულის შესახებ მარკეტინგული კვლევების სააგენტო GAMMA-ს კვლევაშია ნათქვამი. რაც შეეხება ქათმის პროდუქტებს, მათი მოცულობა მთლიან რეალიზაციაში 70,9%-ით განისაზღვრა. კატეგორიების მიხედვით – 58,8% (ბაზრის ნახევარზე მეტი) ქათმის ბარკალს უჭირავს, ქათმის ღვიძლის წილი 6,3%-ით შემოიფარგლა, კუჭის – 3%-ით, ხოლო ფილესი – 2,8%-ით. ფრინველისგან დამზადებულ ნახევარფაბრიკატებს მთლიან რეალიზაციაში მხოლოდ 2,8% ერგო, აქედან კოტლეტსა და სტეიკზე 1% მოდის, ქათმის სოსისზე – 0,7%, ხოლო ჩხირებზე – 0,6%. საქართველოს მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი მიიჩნევს, საქართველოს კანონმდებლობით, ქართველი მეწარმეები დაუცველ მდგომარეობაში არიან, მათ არ ექცევათ სათანადო ყურადღება. „ქათმის პროდუქცია მნიშვნელოვანი სეგმენტია ქართულ ბაზარზე. ჩვენი პროდუქციის ყველაზე მთავარი უპირატესობაა წარმოების პროცესში გამოყენებული ეკოლოგიურად სუფთა ნედლეული. ჩვენი ქათმები ყოველთვის ახალი და ჯანსაღია მომხარებლებისთვის. სამწუხაროდ, საქართველოს კანონმდებლობით, ქართველი მეწარმეები დაუცველ მდგომარეობაში არიან, მათ არ ექცევათ სათანადო ყურადღება. მთავრობას „სძინავს“. საჭიროა უახლოეს მომავალში მივიღოთ კანონი „საზღვრის დაცვის ღონისძიების შესახებ“, რომელიც ჯეროვნად მოახდენს ადგილობრივი მწარმოებლების წახალისებასა და მხარდაჭერას. ამასთანავე, ამ პირობებში ექსპორტზე ფიქრიც კი სასაცილოა, რაც შეეხება იმპორტს – ქათმის მწარმოებელი თითქმის ყველა ქვეყნის კომპანიაა წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე, ესენია – ბრაზილია, უკრაინა, ამერიკა, თურქეთი, საფრანგეთი და ა.შ.“, – აცხადებს უჩუმბეგაშვილი.