ევროკომისარი: ვერ ვამჩნევ ტენდენციებს, რომ რომელიმე ქვეყანამ საქართველოს რეგიონების სუვერენიტეტი აღიაროს
გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის ახალი კომისარი იოჰანეს ჰანი რუსეთის მიერ სოხუმ-ცხინვალის პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ეხმაურება. ევროკომისარი ყურადღებას ამახვილებს შეთანხმებაში არსებულ ერთ-ერთ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ამ “ქვეყნებს” დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების მიღწევაში უნდა დაეხმაროს.
„ვერ ვამჩნევ ტედენციებს, რომ რომელიმე ქვეყანამ თუნდაც არაევროპულმა, ახლო მომავალში საქართველოს რეგიონების სუვერენიტეტი აღიაროს“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.
მისივე თქმით, ევროპელი ლიდერები, ევროპარლამენტი – ყველანი კარგად აცნობიერებენ, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში.
“რა თქმა უნდა, ყოველთვის კარგია ამის საჯაროდ დაფიქსირება, მაგრამ პრინციპში, ჩვენ ყველაფერს ვხედავთ და შეშფოთებულიც ვართ მოვლენათა არასასურველი განვითარებით აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. შეშფოთებული ვართ იმით, რასაც რუსეთი აკეთებს უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში, წლებზე რომ არაფერი ვთქვათ. რა თქმა უნდა, ეს ზღუდავს მოლაპარაკებების, დისკუსიების შესაძლებლობას. არადა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მზად ვართ, ვისაუბროთ, განვიხილოთ საქართველოს კონფლიქტების მოგვარების შესაძლებლობები, მაგრამ ნაბიჯი პირველად რუსეთმა უნდა გადადგას. სწორედ მან დაარღვია უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ეს საკითხები მეორე პლანზე არ უნდა გადავიდეს”, – აცხადებს იოჰანეს ჰანი.