გახდება თუ არა ირაკლი კობახიძე პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი?
კონსტიტუციონალისტი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივნად მის დანიშვნასთან დაკავშირებით შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთანაც ჰქონდა. კობახიძის თქმით, მან პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელობას და პრემიერს საკუთარი ხედვები გააცნო.
“კონსულტაციები გვქონდა, მაგრამ დადასტურებით ვერ დავადასტურებ. წარვადგინე ჩემი ხედვები. თავმჯდომარით დაწყებული მქონდა ხელმძღვანელობასთან კონსულტაციები. პარტიასთან მქონდა მუდმივად მოლაპარაკებები”, – აცხადებს კობახიძე.
ცნობისთვის, “ქართულ ოცნებას“ მალე ახალი აღმასრულებელი მდივანი ეყოლება. ამ პოსტზე კონსტიტუციონალისტ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ გუშინ “ქრონიკასთან“ საუბარში დაადასტურა, რომ თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს.
“ძალიან ნიჭიერი, განათლებული ახალგაზრდა კაცია, საკმაოდ კარგად ერკვევა პოლიტიკაში, კარგი და ღრმა ხედვები აქვს. პარტიის ხელმძღვანელებს გადაწყვეტილება აქვთ მიღებული, რომ პოლიტსაბჭოზე წარადგინონ და პოლიტსაბჭოსთან ერთად მიიღონ გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას მე პირადად მივესალმები“, – აღნიშნა საგანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ პარტია “ქართული ოცნების” აღმსარულებელი მდივნის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ზვიად ჯანყარაშვილმა საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.