„მთავრობა ვალდებული არ არის პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას დაესწროს“
უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლაზე მინისტრთა კაბინეტის წევრების დასწრების საკითხს ეხმაურება. საგანელიძის შეფასებით, პრეზიდენტის გამოსვლის მოსმენის ინტერესი ყველას უნდა ჰქონდეს, მაგრამ აუცილებელი არ არის, ეს პარლამენტის დარბაზიდან მოხდეს.
“მინისტრთა კაბინეტს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე დასწრების ვალდებულება არა აქვს. მთავრობა ვალდებული არ არის პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას დაესწროს. პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლა კანონით განსაზღვრულია, ამის შესახებ წერია პარლამენტის რეგლამენტში. ძალიან კარგია რომ მობრძანდება და პრეზიდენტის მოსმენის საშუალება გვექნება. პარლამენტში მთავრობის მოსვლის აუცილებლობას ვერ ვხედავ, თუმცაღა, ვინაიდან მთავრობას პარლამენტი ამტკიცებს და ამ ფორმით საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე ვართ, თუკი სურვილი ექნებათ, მოვიდნენ”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით საგანელიძემ.