„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ საწვავის ქართული ფასების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსის, პაატა ბაირახტარის განცხადებით, ორგანიზაცია საწვავის ქართული ფასების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს.
როგორც პაატა ბაირახტარი გაზეთ ,,ალიასთან“ ინტერვიუში აცხადებს, ორგანიზაციის წევრები კიდევ ერთ ძალად გამოვლენ, რაც საწვავის მონოპოლისტებს აიძულებს, საწვავი მკვეთრად გააიაფონ.
,,ყველამ კარგად იცის, რომ მსოფლიო ბაზარზე ერთი ბარელის ფასი 47 დოლარამდე ჩამოვიდა, საქართველოში კი 2014 წლის ივნისის შემდეგ, საერთო ჯამში, 15-20 თეთრით გაიაფდა. ეს რეალობას არ ასახავს, ჩვენი გაანგარიშებით, დღეს საქართველოში მონოპოლისტები დაახლოებით, 70%-იან მარჟაზე მუშაობენ“,- აღნიშნავს ანალიტიკოსი. ასოციაციის წევრის ინფორმაციით, მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარების მიხედვით, საქართველოში ერთი ლიტრი საწვავის ფასი 1,07 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
,,ჩვენი გამოთვლით, დღეს საწვავის ფასი უნდა იყოს 1,07 ლარი. გავიანგარიშეთ თვითღირებულება, ტრანსპორტი, საბაჟო და ასე შემდეგ.
სამწუხაროდ, ჩვენ არავითარი ბერკეტი არ გაგვაჩნია, რომ მონოპოლისტებს პასუხი მოვთხოვოთ, ან გამოძიება ჩავატაროთ. რაც შეგვიძლია, იმას ვაკეთებთ, მხოლოდ საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს კვლევას და რეალურ ინფორმაციას გავცემთ, რათა მოსახლეობამ სიმართლე იცოდეს“,- აცხადებს ბაირახტარი.
ამასთან, ანალიტიკოსის განცხადებით, ქართულ ბაზარზე რამდენიმე მონოპოლისტი არსებობს, რომლებიც შეთანხმებულად მოქმედებენ.
,,აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღეს ქართულ ბაზარზე რამდენიმე ოპერატორი მოქმედებს, სულ ხუთი, რომლებიც ერთდროულად ცვლიან ფასებს 5-7 თეთრით. აქ საქმე შეთანხმებულ მოქმედებასთან გვაქვს. ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა ისიც იქნება, რომ კონკურენციის სააგენტომ შუალედური დასკვნა სასწრაფო წესით გამოაქვეყნოს“,- აცხადებს პაატა ბაირახტარი „ალიასთან“ ინტერვიუში.