გიორგი მარგველაშვილი კუბლაშვილის შემცვლელის კანდიდატურასთან დაკავშირებით, არასამთავრობოებს ხვდება
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელებს ხვდება.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “კოალიცია გამჭვირვალე და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების” წარმომადგენელმა, ეკა გიგაურმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, თუ პოლიტიკური ძალა თვლის, რომ მასთან უნდა იყოს შეთანხმებული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა, იგი არ ხელმძღვანელობს საზოგადოების ინტერსებით. მისივე თქმით, ადამიანი, რომელიც იქნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე წარდგენილი, არ უნდა ატარებდეს, რომელიმე პოლიტიკური გუნდის ინტერესს.
“კანდიდატი უნდა ატარებდეს საზოგადოების ინტერსებს და სწორედ ეს იქნება შედეგი იმისა, რომ ჩვენ მივიღებთ სასამართლო სისტემას, რომლის მიმართაც მაღალი ნდობა იქნება”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
მისივე განცხადებით, პრეზიდენტ მარგველაშვილთან შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არ იქნება წარდგენილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით კონკრეტული კანდიდატურა.
“პირველ რიგში უნდა შევთანხმდეთ კრიტერიუმებზე თუ როგორ უნდა შეირჩეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გარდა იმ კრიტერიუმებისა, რომელიც გაწერილია, ასევე მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნას სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები. მაგალითად ის, რომ ეს პიროვნება, რომელიც წარდგენილი იქნება არ უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკურ გუნდთან და პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ საბოლოოდ ამ ადამიანის მიმართ იყოს ნდობა და ასევე მიუკერძოებლად განახორციელოს ის რეფორმები, რომელიც საჭიროა ჩატარდეს მართლმსაჯულებისა და სასამართლო სისტემაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ვისაუბროთ ზოგადად პროცესზე, თუ როგორ წარიმართება ეს პროცესი”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება საქართველოს პრეზიდენტს გააჩნია.
შეგახსენებთ, რომ კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა თებერვალში ეწურება.