აფრიკაში 23 ქართველი მეზღვაური გაუსაძლის პირობებშია და შველას ითხოვს

ბენინის რესპუბლიკის ქალაქ კოტონუს ყურეში მყოფი 23 ქართველი მეზღვაური გაუსაძლის მდგომარეობაშია, ისინი შველას ითხოვენ. როგორც   მეზღვაურები ყვებიან, დამქირავებელი ბერძნული მხარის წარმომადგენლებმა მათთან კონტაქტი გაწყვიტეს. საჭმლის და წყლის მარაგი კი მწირი აქვთ.

მათივე ინფორმაციით, უკვე 2 თვეზე მეტია ღია წყალში არიან და ხმელეთზე გამოსვლას ვერ ახერხებენ, რადგან მათ ამას კანონი უკრძალავს.

აფრიკაში მყოფ ქართველ მეზღვაურებთან დაკავშირებით “საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ” საქართველოს საგარეო უწყება და მეზღვაურთა პროფკავშირები საქმის კურსში ჩააყენა.  როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული,  “საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს” დაუკავშირდნენ აფრიკაში, კოტონოუს ნავსადგურში მყოფ გემზე მომუშავე ქართველი მეზღვაურები და გემზე არსებული პრობლემების შესახებ აცნობეს.

“მიმდინარე წლის 13 იანვარს, სსიპ “საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს” დაუკავშირდნენ აფრიკაში, კოტონოუს ნავსადგურში მყოფ გემზე მომუშავე ქართველი მეზღვაურები და გემზე არსებული პრობლემების შესახებ აცნობეს. მათი განცხადებით, გემი იმყოფება ერთ-ერთი ბერძნული კომპანიის მენეჯმენტის ქვეშ, რომელსაც შეექმნა ფინანსური პრობლემები და ეკიპაჟის რამდენიმე თვის სახელფასო დავალიანება აქვს. მეზღვაურთა თქმით, იმავე რაიონში იმყოფება აღნიშნული კომპანიის 5 გემი, რომელზეც სხვადასხვა ეროვნების ეკიპაჟთან ერთად 23 ქართველი მეზღვაურია დასაქმებული. გემებზე საკვებისა და სასმელი წყლის მწირი მარაგია”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

განცხადების თანახმად, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ რამდენჯერმე სცადა ბერძნულ კომპანიასთან დაკავშირება და სიტუაციის გარკვევა, მაგრამ, “სამწუხაროდ, ბერძნულმა კომპანიამ კონტაქტზე გამოსვლისგან თავი შეიკავა”.

“სააგენტომ საქართვველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აცნობა მეზღვაურთა პრობლემების შესახებ და სთხოვა მათი უფლებამოსილების ფარგლებში დახმარება. სააგენტოს წარმომადგენლებმა ინფორმაცია ასევე მიაწოდეს მეზღვაურთა პროფკავშირებს, ისინი საქმის კურსში არიან არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით და მაქსიმალურად შეეცდებიან აღმოუჩინონ დახმარება იურიდიული კუთხით. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გემზე მყოფ მეზღვაურებთან და მათი ოჯახის წევრებთან კავშირი აქვს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები