„თუ საქართველოში მშვიდობა არ იქნება, მშვიდობა ვერ დამყარდება ვერც კავკასიაში“
აშშ არის საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი, იმის მიუხედავად, თუ რომელი პარტია არის ქვეყნის სათავეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოცემა Leaders-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მას კარგი ურთიერთობა აქვს აშშ-ის პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან.
„ჩვენ გვაერთიანებს თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებების ერთგულება. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აშშ-ის ლიდერებთან კონგრესსა და ადმინისტრაციაში, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს დაახლოებას ევროკავშირსა და დასავლეთთან. მე შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს პრეზიდენტ ობამასა და ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენთან. ეს ურთიერთობა ჩვენ შორის რამდენიმე შეხვედრისა და საუბრის შედეგად ჩამოყალიბდა. მე ვხედავ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის უზარმაზარ პოტენციალს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების სფეროებში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად ოპტიმისტურად უყურებთ იმ გლობალურ გამოწვევებთან ბრძოლას, რომლებიც თქვენი რეგიონიდან მომდინარეობს, პრემიერმა აღნიშნა, რომ ყველაფერი დამოკიდებულია რეგიონის ლიდერებზე.
„თუ ჩვენ ყველა მხარს დავუჭერთ მშვიდობას და ძალისხმევას არ დავიშურებთ პრობლემების გადაჭრისა და დაძაბულობის შემცირებისათვის, მაშინ წარმატებას მივაღწევთ.
ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანია მხარდაჭერისა და ძალისხმევის კონსოლიდაცია. ერთობლივი რეაგირების გარეშე წარმატებას ვერ მივაღწევთ. ასე რომ, ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია.
მაგრამ მე ოპტიმისტი ვარ და ვიცი, რომ საქართველო შეასრულებს მნიშვნელოვან როლს გლობალურ გამოწვევებთან ბრძოლის საქმეში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.