რა რეფორმები განხორციელდა საქართველოში ორი წლის განმავლობაში – პრემიერის ინტერვიუ Leaders-თან
ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები დემოკრატიული ინსტიტუტების განსამტკიცებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოცემა Leaders-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, სასამართლო სისტემა აბსოლუტურად დამოუკიდებელია. ამასთან, ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ პოლიციის რეფორმაც გაატარა, რადგანაც წინა წლებში პოლიცია პოლიტიზებული იყო.
„ჩვენ გვინდა ნამდვილი დემოკრატიის დამყარება და ეს მხოლოდ სიტყვები არ არის – ამას ჩვენ საქმით ვადასტურებთ.
ჩვენ მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რითაც დავამკვიდრეთ ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის მექანიზმები. პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეში, ხოლო პარლამენტი დღეს, მართლაც, კანონმდებელია.
დღეს სასამართლო სისტემა აბსოლუტურად დამოუკიდებელია ხელისუფლების მხრიდან ჩარევისაგან. დემოკრატიის დამყარება შეუძლებელია რეალურად დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის გარეშე. ჩვენ ვერ მოვიზიდავთ ინვესტორებს, თუ არ გვექნება, მართლაც, დამოუკიდებელი სასამართლო.
ჩვენ ვახორციელებთ ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმას. გარდა ამისა, მივიღეთ უმნიშვნელოვანესი ანტიდისკრიმინაციული კანონი, გავატარეთ პოლიციის რეფორმა, რადგანაც წინა წლებში პოლიცია უაღრესად პოლიტიზებული იყო.
ჩვენ გავატარეთ მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად, ვახორციელებთ მძლავრ ინვესტიციებს სოფლის მეურნეობაში, რომელიც ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი მამოძრავებელი ძალა გახდება.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმატება, რომელსაც დღეისათვის ჩვენ მივაღწიეთ, ეს არის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა. ეს ხელშეკრულება, მართლაც, დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს ქართველ ხალხს“, – აღნიშნა პრემიერმა.