უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ გია გეწაძე დაინიშნა
უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ გია გეწაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
„ჩემი მეგობარი გია გეწაძე დაინიშნა უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ. ის, ამ მაღალ თანამდებობაზე ილიაუნის იურიდიული ფაკულტეტის დეკანობიდან გადადის და მანამდე სხვადასხვა მაღალი თანამდებობა ეკავა ჩემს მთავრობაში. გია ჩემი თანამოაზრე და მთელი ეს წლები ჩემი ახლო მრჩეველი იყო. ბოლო უკრაინულ მოვლენებშიც ერთად ვმონაწილეობდით. ის უკრაინაში ჩვენი ყოფილი თანამშრომლების მთელ გუნდთან ერთად ინიშნება და უმნიშვნელოვანესი რეფორმების გატარება დაევალება. ჩვენ წინასწარ განვიხილეთ ეს გადაწყვეტილება და იმ დასკვნამდე მივედით, რომ უკრაინის წარმატება უფრო სწრაფად დააძლევინებს დროებით სიძნელეებს ჩვენს ქვეყანასაც. ერთი ისაა დასანანი, რომ საქართველო, არა მხოლოდ მართვის საუკეთესო სპეციალისტებს, არამედ დროსაც კარგავს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
გია გეწაძეს 2003 წელს საქართველოში იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, 2004 წელს იყო პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში, 2004-2005 წლებში კი – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.