2011 წელს ამერიკულმა მხარემ ბათუმში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იდეას მხარი არ დაუჭირა

წერილში, რომელსაც „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ აღმასრულებელი დირექტორი დანელ იოჰანესი საქართველოს იმდროინდელ პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს უგზავნის, აღნიშნულია, რომ კორპორაცია ბათუმში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იდეას მხარს არ უჭერს მშენებლობის ღირებულების გამო. ასევე ამერიკული მხარე ვარაუდობდა, რომ ამ უნივერსიტეტში სწავლა ხელმისაწვდომი იქნებოდა არა გაჭირვებული, არამედ ისედაც შეძლებული ოჯახის შვილებისთვის.
სტატიაში სახელწოდებით: „სააკაშვილი ე.წ. ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით ისევ იტყუება“ ნათქვამია, რომ 2011 წელს მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, ბათუმში უნდა აშენებულიყო ბიზნესცენტრი და ამ მიზნით რკინიგზის შვილობილ კომპანიას 20 მილიონი ლარი გადაერიცხა.
მოგვიანებით, ბიზნესცენტრი სააკაშვილმა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობად შერაცხა და მშენებლობის დასრულებისთვის საჭირო თანხის მისაღებად მოლაპარაკებები „ათასწლეულის გამოწვევის კორპარაციასთან“დაიწყო. გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტით ირკვევა, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობას ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასაშენებლად თანხის გამოყოფაზე ჯერ კიდეც 2011 წლის ნოემბერში უთხრა უარი.
„თუ რატომ ამახვილებს ყურადღებას ასე მძაფრად სააკაშვილი ე.წ. ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე, პასუხსისევ პოლიტიკურ ამბიციებთან და შურისძიებასთან მივყავართ. გახსოვთ ალბათ 2011 წლის 7 ოქტომბერს გამოქვეყნებული ბიძინა ივანიშვილის პირველი წერილი, სადაც სხვა ყველაფერთან ერთად, ის ტექნოლიგიური უნივერსიტეტის იდეაზე საუბრობდა. წერილიდან ირკვევა, რომ ასეთი ტიპის დაწესებულების ასაშენებლად მოლაპარაკებები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, გიორგი ხუბუასთან ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო“,- ნათქვამია სტატიაში.
გამოცემის ინფორმაციით,სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება და საქართველოს ნამდვილად ექნება თანამედროვე ტიპის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.
“ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ აღმასრულებელი დირექტორის დენიელ იოჰანესის მიერ საქართველოს იმჟამინდელი პრემიერ – მინისტრისთვის ნიკა გილაურისთვის მიწერილ წერილში ნათქვამია:
“ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, მადლობა წერილისთვის და გასულ კვირას სატელეფონო საუბრისთვის. მე დიდად ვაფასებ იმ დაუაღალავ შრომას, რომელიც გასწია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია – საქართველოს ძირითადმა გუნდმა საქართველოსთან მეორე ხელშეკრულების შედგენაზე.
როგორც უკვე განვიხილეთ ჩვენი სატელეფონო საუბრის დროს, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მენეჯმენტმა არ დაამტკიცა თქვენი უმაღლესი განათლების პროექტის განაცხადი. კერძოდ, გაჩნდა კითხვები ახალი, ცალკე მდგომი უმაღლესი განათლების ინსტიტუტის მშენებლობის ხარჯებთან დაკავშირებით. განაცხადის მიხედვით, ამ ინსტიტუტს ეყოლებოდა სტუდენტთა შეზღუდული რაოდენობა – გამოითქვა ეჭვი, რომ ეს ინვესტიცია უფრო დიდ სარგებელს მოუტანდა შეძლებულ ოჯახებს, ვიდრე გაჭირვებულებს.
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტის მოადგილე ტომ ჰერლი ამ კვირის განმავლობაში ეწვევა თბილისს, რათა შეგხვდეთ თქვენ და თქვენს გუნდს და განიხილოს ინვესტიციის ალტერნატიული ვარიანტები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს ბენეფიციართა უფრო ფართო წრეზე გათვლილ საგანმანათლებლო პროექტს, ასევე კადრების მომზადებასა და სოფლის ინფრასტრუქტურას.
დარწმუნებული ვარ, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან კიდევ უფრო განმტკიცდება და ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას მეორე ხელშეკრულების შედგენაზე, რომელიც გამიზნული იქნება საქართველოში განვითარებასთან დაკავშირებული დაბრკოლებების დაძლევისკენ, სარგებელს მოუტანს საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს და უპასუხებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საინვესტიციო კრიტერიუმებს“,-აღნიშნულია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები