აფხაზური მედია: გალის რაიონში ქართულ დაჯგუფებასთან შეტაკებისას აფხაზი და რუსი სამხედროები დაიღუპნენ

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მედიის ინფორმაციით, გალის რაიონში „საქართველო–აფხაზეთის საზღვრის მახლობლად“ ქართულ დაჯგუფებასთან შეტაკებისას აფხაზი და რუსი სამხედროები დაიღუპნენ.
sukhum-moscow.ru-ს ცნობით, ქართული დაჯგუფება ადგილობრივი მცხოვრების მოტაცებას ცდილობდა. გალის რაიონის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, „ცხელ კვალზე“ მოხდა ერთობლივი ოპერაციის ჩატარება, რომელშიც მონაწილეობა „აფხაზეთის ანტიტერორისტულმა ცენტრმა“, „აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს“ თანამშრომლებმა და რუსმა „მესაზღვრეებმა“ მიიღეს.
sukhum-moscow.ru-ს ინფორმაციით, შეტაკების შედეგად ქართულ დაჯგუფებასთან ბრძოლაში „აფხაზეთის ანტიტერორისტული ცენტრის“ თანამშრომელი ედუარდ ნერსესიანი და რუსი „მესაზღვრე“ ანდრეი უდალცევი დაიღუპა. აფხაზური მხარის ცნობით, შეტაკებაში ორი ქართველიც დაიღუპა.
აფხაზურ გამოცემასთან გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ განაცხადა, რომ ტყვემ, რომლის გატაცებასაც ქართული მხარე გეგმავდა, მოახერხა ერთი თავდამსხმელის მოკვლა, რის შემდეგაც სპეცოპერაცია დაიწყო. ნადარაიას განმარტებით, „ბანდფორმირების“ ყველა წევრი საქართველოს მოქალაქე იყო, მათგან ორი მოკლული თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია, ხოლო მესამე პირის ვინაობა ამ დროისთვის დგინდება. აფხაზური მხარის განცხადებით, დანაშაულებრივი დაჯგუფების ერთ–ერთი წევრი წარსულში საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომელი იყო.

წყარო: sukhum-moscow.ru

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები