სანდრო ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, უკრაინაში საომრად ჯერ საკუთარი შვილი გაუშვას

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ერთადერთი გზა – რევანშის განხორციელება დარჩა და ამისთვის ემზადება კიდეც, – ამის შესახებ სანდრო ბრეგაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.
ბრეგაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი, გენერალი გიგი კალანდაძე და სხვები, რომლებიც უკრაინაში იმყოფებიან, ქართველ მებრძოლებს აიძულებენ ერთგულების ფიცი დადონ სააკაშვილის წინაშე და განახორციელონ ყველა ის დავალება, რომელსაც სააკაშვილი მათ აძლევს.
„რა მისია დაევალება, რა თქმა უნდა, ძნელი გამოსაცნობი არ არის. ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ „სკაიპის” მეშვეობით კალანდაძე და მისი ამფსონები უკავშირდებიან ჩვენი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს და კატეგორიულად სთხოვენ, საქართველოს სამსახურში აღარ იყვნენ და წავიდნენ მათთან უკრაინაში, რაც გაუგონარი დანაშაულია. ფაქტობრივად, ის გამლუვალ მდგომარეობაშია და თუ რაიმე არ მოიმოქმედა, განწირულია, ის აღმოჩნდება საერთაშორისო დამნაშავე”, – ამბობს ბრეგაძე.
ამასთან, სანდრო ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, რომ უკრაინაში საომრად ჯერ საკუთარი შვილი გაუშვას.
„სააკაშვილს ზრდასრული ვაჟი ჰყავს, რომელსაც თავისუფლად შეუძლია იარაღის ხელში დაჭერა. ზრდასრული ვაჟები ჰყავთ „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებსაც და სხვის შვილებს რომ ეპატიჟებიან ომში, სასაკლაოზე, ადგნენ და თავიანთი შვილები გაუშვან უკრაინაში საომრად. პირდაპირ მოვუწოდებ სააკაშვილს- თავისი ზრდასრული ვაჟი ედუარდი გამოიყვანოს ამერიკის პრესტიჟული სასწავლებლიდან, გაუშვას უკრაინაში საომრად და ამის მერე მოუწოდოს სხვის შვილებს, რომ იგივე მოიმოქმედონ“, – ამბობს მინისტრის მოადგილე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები