„ინტერპოლმა ადეიშვილის აგენტზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა“

ინტერპოლმა ადეიშვილის აგენტზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა, – ამ სათაურით სტატია გაზეთმა „პრაიმტაიმმა“ გამოაქვეყნა. ინტერპოლი საქართველოს მოქალაქე ზოია ჩხაიძეს ეძებს. 61 წლის ქალბატონს თაღლითობაში ადანაშაულებენ.
როგორც გამოცემა წერს, ზოია ჩხაიძე წინა ხელისუფლების დროს აქტიურად თანამშრომლობდა პროკურატურასა და ფინანსურ პოლიციასთან. როგორც სტატიიდან ირკვევა, მისი ჩვენების საფუძველზე საპყრობილეში არაერთი პირი აღმოჩნდა. მის მახეში გაბმულ მოქალაქეთა ნაწილთან პროკურატურა საპროცესო შეთანხმებებს აფორმებდა. ამ ადამიანებს თავისუფლება 10 ათასი ლარი უჯდებოდათ.
ყოფილი პროკურორი ნანა თხელიძე, რომელიც თავადაც მსჯავრდებული იყო, ამბობს, რომ მხოლოდ ქალთა ციხეში ზოია ჩხაიძის მიერ დაზარალებული ათობით პატიმარი იხდის სასჯელს.
„მხოლოდ ქალთა ციხეში, სულ ცოტა, 35 მსჯავრდებულია, რომელიც ამ მახეში გაება. ოპერატიულ ინფორმაციებს რომ გადახედოთ, იქ ნახავთ მის აგენტურულ მეტსახელებს – ზოია ტბილისკი, მსუქანი ზოია და ა.შ“, – ამბობს თხელიძე.
მისივე თქმით, იპოთეკური სესხის გამოტანის მსურველ ადამიანებს ზოია ჩხაიძე ყალბ საბუთებს უმზადებდა, ბანკში მისვლისა და ამ საბუთების წარდგენისთანავე კი ამ პიროვნებებს აკავებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები