ელბაქიძის აღმართზე მოძრაობა 2-3 თვის განმავლობაში აიკრძალება

„ელბაქიძის აღმართზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს რამდენიმე თვე დასჭირდება და, შესაბამისად, ტრანსპორტისთვის სავალი გზა გადაიკეტება“, – ამის შესახებ „კვირას“ მთაწმინდის რაიონის გამგებელმა გელა არჩვაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ელბაქიძის აღმართზე მომხდარი შემთხვევის შედეგად შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც გამომწვევ მიზეზებს შეისწავლის.
როგორც „კვირას“ გელა არჩვაძემ განუცხადა, იგი თითქმის ორი წელია მთაწმინდის რაიონის გამგებელია, თუმცა ელბაქიძის ქუჩის მობინადრეებს გამგეობისთვის რაიმე სახის საჩივრით არ მიუმართავთ.
„გამგეობისთვის მოსახლეობას რაიმე სახის საჩივრით არ მოუმართავთ. ჩვენთან რომ ყოფილიყო შემოსული რაიმე საჩივარი, რეაგირება იქნებოდა. ამ დროსათვის შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს დაადგენს. ყველა სამსახური მობილიზებულია და კომისიაში ყველა სპეციალისტია ჩართული. ძალიან დიდი ხნის აშენებული კედელი გადაინგრა, რამაც სატრანსპორტო გზაც ჩაიყოლა“, – აცხადებს გელა არჩვაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე, ელბაქიძის აღმართზე საავტომობილო გზის მარჯვენა სავალი ნაწილი დაზიანდა, რის გამოც ავტომანქანების მოძრაობა ქუჩის ორივე მხარეს აკრძალულია. ადგილზე მობილიზებულნი არიან საპატრულო პოლიციის და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები