ციხეებში მასობრივი ბუნტი მზადდება – ვინ დგას პატიმრების პროტესტის მიღმა?
სასჯელაღსრულების სისტემაში დაგეგმილ რეფორმას შესაძლოა, მასობრივი პროტესტი მოჰყვეს. ამის შესახებ სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, რეფორმას მოწინააღმდეგეები თავად სისტემის შიგნით გამოუჩნდნენ.
როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, სად-ის ხელმძღვანელობა და ციხეების ადმინისტრაცია მაქსიმალურად ცდილობენ ავტონომიურობის შენარჩუნებას.
„უკვე საუბრობენ იმაზე, რომ რეფორმის შესაფერხებლად შესაძლოა, პატიმრებიც გამოიყენონ. კერძოდ, იმ პატიმრებს, რომლებიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გაუქმებას გააპროტესტებენ, ციხის ხელმძღვანელობა სხვადასხვა პრივილეგიას ჰპირდება“, – წერს სტატიის ავტორი.
იმას, რომ ზემოხსენებულ რეფორმას ნამდვილად ჰყავს მოწინააღმდეგეები, არ უარყოფს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე კახი კახიშვილიც, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ წარმოდგენილ ცვლილებებს საქართველოს პარლამენტი უმოკლეს ვადაში დაამტკიცებს.
„ეს არის ყველაზე სენსიტიური სამინისტრო, საიდანაც შეიძლება ისეთი ტიპის აფეთქება მიიღო, რომ ქვეყანამ ვერ გაუძლოს. ამიტომ სისტემის მდგრადობა არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, როგორი უფროსი ეყოლება სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, ან როგორი იქნება თავად მინისტრი. ეს უნდა იყოს ინსტიტუციურად განმტკიცებული საკითხი. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებულ ცვლილებებს გაიზიარებს საქართველოს პარლამენტი და ახალი კანონი უმოკლეს ვადაში დამტკიცდება, რადგან თითოეულ დღეს აქვს მნიშვნელობა, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობენ ამ კანონპროექტის არმიღების მსურველებიც“, – ამბობს კახიშვილი. მისივე თქმით, დაგეგმილი რეფორმის შედეგად სასჯელაღსრულების დეპარტამენტი სამინისტროს დაქვემდებარებაში თავისი ბიუჯეტიანად გადავა.
„მთავარი არ არის საკადრო პოლიტიკა, მთავარია ინსტიტუციონალური რეფორმა. დღეს სად-ი არის სახელმწიფო სახელმწიფოში. სამინისტრო კი ცალკე ქუდია პოლიტიკური კეკლუცობისთვის, რომ რეალურად მინისტრს მხოლოდ კამერებთან კეკლუცი შეეძლოს. სად-ი არც ეკითხებოდა, საერთოდ, მინისტრს აზრს. ზოგ შემთხვევაში კი ტელეფონსაც არ პასუხობდა, ამიტომ გვქონდა სისტემა, სადაც შავბნელი საქმიანობები არსებობდა, ამავდროულად, მინისტრს ინფორმაციაც კი არ გააჩნდა. თუ მინისტრი პოლიტიკურად არის პასუხისმგებელი, ტექნიკური პასუხისმგებლობაც უნდა იკისროს. სწორედ აქედან გამომდინარე, რეფორმის შედეგად ყოველგვარ პასუხისმგებლობას სამინისტრო აიღებს. სად-ი გაუქმდება, ის გახდება რიგითი დეპარტამენტი და მისი ბიუჯეტიც, რომლის ფარგლებშიც როგორც უნდოდათ, ისე არიგებდნენ პრემიებს, იქნება სამინისტროს დაქვემდებარებაში“, – აღნიშნა კახიშვილმა.
ექსპერტი პენიტენციარულ საკითხებში ტატო ქელბაქიანი დაგეგმილ ცვლილებებს მიესალმება და მიიჩნევს, რომ შესაძლო სირთულეების მიუხედავად, სამინისტრომ ეს რეფორმა ბოლომდე უნდა მიიყვანოს. „როდესაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტი იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდა, მაშინ რაღაც ლოგიკა იყო იმაში, რომ ამ დეპარტამენტს მეტი დამოუკიდებლობა ჰქონოდა. თუმცა როდესაც ცალკე სამინისტრო შეიქმნა, აღმოჩნდა, რომ ამ უწყებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და პრობაციის სამსახურის მეტი, სხვა საზრუნავი არაფერი აქვს. ამიტომ ცალკე აპარატის არსებობა მიზანშეწონილი არ არის. შესაბამისად, აბსოლუტურად მიზანშეწონილია დეპარტამენტის მთლიანი შერწყმა სამინისტროს აპარატთან. არ ვიცი, ამას კადრების შემცირება მოჰყვება თუ არა, მაგრამ, ალბათ, მოხდება სამსახურების ოპტიმიზაცია, პრაქტიკამ აჩვენა, რომ დეპარტამენტის დამოუკიდებლობამ და ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებებმა არ იმუშავა. ამიტომ ამ მიმართულებით რეფორმა პოზიტიურია. ფაქტია, რომ ამ დრომდე სამინისტრო პროცესებს ბოლომდე ვერ აკონტროლებდა, თუ ამ კონტროლს ბოლომდე აიღებს ხელში და შესაბამისად, პასუხისმგებლობასაც, რა თქმა უნდა, უკეთესია“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ტატო ქელბაქიანი.
ადვოკატი ლალი აფციაური კი შესაძლო ბუნტის თავიდან ასაცილებლად დეპარტამენტსა და სამართალდამცავ უწყებებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ ადმინისტრაციის ყველა ის თანამშრომელი, ვინც მსგავსი ქაოსის შექმნაშია შემჩნეული.
„პატიმრებისთვის არა აქვს მნიშვნელობა, ვის დაქვემდებარებაში იქნება ციხის ადმინისტრაცია – სამინისტროსი თუ დეპარტამენტის. თუკი არსებობს ასეთი ინფორმაცია, ცხადია, ამის უკან დგას ციხის ადმინისტრაცია. გამორიცხულია, რომ თავად პატიმრებს გამოეჩინათ ასეთი ინიციატივა და გაეპროტესტებინათ სად-ის ავტონომიურობის გაუქმება. ხელისუფლებამ უნდა მიიღოს დროული ზომები. თუკი ვინმე, მართლაც, აქეზებს პატიმრებს და მათ ბუნტისკენ მოუწოდებს, ყველა დასაჭერია. როგორ შეიძლება პატიმრის გამოყენება საკუთარი პრივილეგიების შესანარჩუნებლად. ჩემთვის ეს გასაკვირი ნამდვილად არ არის, რადგან კაცმა არ იცის, როგორ განკარგავს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი უზარმაზარ ბიუჯეტს, მათ დაქვემდებარებაშია ტენდერებიც, საპატიმროებში არსებული მაღაზიები და, ბუნებრივია, არ სურთ ამ ყველაფრის დაკარგვა. პატიმრების გამოყენება ნებისმიერი საკითხის გასაპროტესტებლად დანაშაულია და ყველა ორგანიზატორი უნდა დაისაჯოს, მინიმუმ დროულად უნდა გაათავისუფლონ მაინც. ეს უნდა გაკეთდეს დაუყოვნებლივ, რადგან რაიმე გაუთვალისწინებელი შედეგი არ დადგეს“, – ამბობს ლალი აფციაური.