გუდაურში საკოორდინაციო შტაბში დღის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა
გუდაურში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ფორმატში მოქმედ საკოორდინაციო შტაბში დღის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა. ამის შესახებ “კვირას” კრიზისების მართვის საბჭოდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, თათბირზე დიდთოვლობასთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. “სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, კრიზისული სიტუაციების მართვის ოპერატიული ცენტრის დირექტორმა გიორგი ღიბრაძემ თათბირზე შესრულებული სამუშაოები შეაფასა: „6 იანვრიდან მიმდინარეობს კოორდინირებული მუშაობა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ფორმატში. უამინდობით გამოწვეული მდგომარეობის ლიკვიდაციის ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა სამაშველო ოპერაციები ნინოწმინდაში, გუდაურსა და ბაკურიანში, რის შედეგადაც რამდენიმე ასეული ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა. ჯვრის უღელტეხილიდან კობამდე მონაკვეთზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეცტექნიკა გზის გამწმენდ სამუშაოებს მთელი დღის განმავლობაში აწარმოებდა, სამუშაოები დილიდან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონიტორინგის შესაბამისი დასკვნის შემდეგ განახლდება. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა 10-ზე მეტი რეისი განახორციელა და დაბა სტეფანწმინდიდან 500-ზე მეტი ტურისტი და მგზავრი ანანურში გადმოაფრინა. ყაზბეგში ჩარჩენილი მოქალაქეების გამოსაყვანად პირველი ფრენა გუშინ შესრულდა. ხორციელდება გზებზე დარჩენილი სატვირთო ავტომობილების მძღოლების მომარაგება საკვები პროდუქტებითა და საწვავით. რაც შეეხება გზებზე არსებულ ვითარებას, ამ მომენტისთვის გარდა გუდაური-კობის მონაკვეთისა ყველა მაგისტრალი გახსნილია, მხოლოდ ზოგიერთ მონაკვეთებზე მოქმედებს უამინდობასთან დაკავშირებული სპეციალური რეჟიმი“ საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ: შინაგან საქმეთა; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების; ენერგეტიკის; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, დადებითად შეფასდა ის კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც უწყებებმა კოორდინირებულად განახორციელეს”, – აცხადებენ საბჭოში.