ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
ინტენსიური თოვის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ135–კმ156 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნულ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეზღუდვა, ასევე, მოქმედებს ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ73 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთში, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.