„ეს საზარელი ტერაქტი არა მხოლოდ ფრანგი ხალხის, არამედ თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ იყო მიმართული“

ეს საზარელი ტერაქტი არა მხოლოდ ფრანგი ხალხის, არამედ თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ იყო მიმართული – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარიზში მომხდარ ტერაქტს. პრემიერი ქართველი ხალხის სახელით, ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს.
“დიდი მწუხარებით შევიტყვე იმ უმძიმესი ტრაგედიის შესახებ, რომელიც ფრანგ ხალხს დღეს დაატყდა თავს. ეს საზარელი ტერაქტი არა მხოლოდ ფრანგი ხალხის, არამედ თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ იყო მიმართული. ტერორიზმს გამართლება არ შეიძლება მოეძებნოს. სიტყვისა და პრესის თავისუფლება ის უზენაესი უფლებაა, რომელიც ყველგან და ყოველთვის სათანადოდ უნდა იყოს დაცული. ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახებს. ამ მძიმე წუთებში ფრანგი ხალხის გვერდით ვდგავართ“, – აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაში შეიარაღებული თავდამსხმელები შეიჭრნენ. სროლის შედაგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა, გარდაცვლილთა შორის ორი პოლიციელია. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, Charlie Hebdo-ის რედაქციაში ავტომატებით შეიარაღებული ორი თავდამსხმელი შეიჭრა. “ბი-ბი-სის” ცნობით, სატირულმა ჟურნალმა “ტვიტერზე” ბოლოს “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის, აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები