სტეფანწმინდაში დაახლოებით 50-მდე ავტომობილია ჩარჩენილი
საქართველოს ზოგიერთი ტერიტორიაზე რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ინტენსიური თოვის გამო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო უწყვეტ რეჟიმში იღებს დეტალურ ინფორმაციას ადგილებზე მოსახლეობის მდგომარეობისა და იმ სამუშაოების შესახებ, რომლებსაც საგანგებო შტაბები ახორციელებენ.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ცნობით, პრობლემურ ადგილებზე შექმნილია საგანგებო შტაბები, რომლებშიც გაერთიანებულები არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, შინაგან საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები. აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო და გზის გაწმენდითი სამუშაოები. 2015 წლის 5-6 იანვარს თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა საქართველოს მთიან რეგიონებში. კერძოდ, 6 იანვრის დილიდან, ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა აიკრძალა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის დამაკავშირებელი გზის ფასანაური-გუდაური-კობის მონაკვეთზე, აგრეთვე, ძლიერი ქარბუქისა და ნამქერის გამო, წალკა-ფარავანი-ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის საგზაო მონაკვეთზე.
ამ დროისთვის მლეთა-გუდაური-კობის მონაკვეთზე დაახლოებით 2 მეტრამდე ნალექია მოსული, რამდენიმე ადგილას ზვავიც ჩამოწვა. გზის გამწმენდი სამუშაოები დაწყებულია, თუმცა ამ პროცესს ინტენსიური თოვა აფერხებს. მსგავსი ვითარებაა წალკა-ფარავანი-ნინოწმინდის საგზაო მონაკვეთზეც, ძლიერი ქარბუქისა და ნამქერის გამო გზის გაწმენდა აქაც შეფერხებით მიმდინარეობს. დაბა გუდაურში ადგილობრივი მოსახლეობა საკვებით სრულადაა უზრუნველყოფილი, ხოლო სასტუმროებს სრული დატვირთვის შემთხვევაში 2-3 დღის მარაგი აქვთ დარჩენილი. დაბა გუდაურში ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების გარდა ამ დროისთვის 15-მდე მგზავრია ჩარჩენილი, რომლებიც გადაყვანილნი არიან უსაფრთხო ადგილას და მოხდა მათი საკვებით უზრუნველყოფა.
სტეფანწმინდაში ჩარჩენილია დაახლოებით 50-მდე ავტომობილი, რომელიც თბილისის მიმართულებით ვერ ახერხებს გადაადგილებას, თუმცა, მათი მძღოლები და მგზავრები ძირითადად გადანაწილებულები არიან დაბაში მდებარე საოჯახო ტიპის სასტუმროებში.