ალკოჰოლური ინტოქსიკაცია და სხვა შემთხვევები – თბილისში სასწრაფოს გამოძახების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

ახალი წლის დღეებში თბილისში სასწრაფო – სამედიცინო დახმარების გამოძახებების და ჰოსპიტალიზაციის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. როგორც „კვირას“ სასწრაფო – სამედიცინო ცენტრის ჰოსპიტალიზაციისა და ბრიგადების მართვის სამმართველოს მენეჯერმა ლევან შავიძემ განუცხადა, დედაქალაქში მცხოვრები მოქალაქეებისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოსაჩენად, ყოველდღიურად 2000-მდე მისამართზე გასვლა უწევდათ. ამასთან, მისივე განცხადებით, წინა წლებში ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა 300-მდე ფიქსირდებოდა, წელს კი 300-450-მდე გაიზარდა.
„ამ წელს, წინა წელთან შედარებით, შესრულებული მისამართების რეკორდული მაჩვენებელი დაგვიფიქსირდა. ყოველდღიურად 2000-მდე გამოძახება ფიქსირდებოდა. 1 იანვარს 1775 ზარი შემოვიდა და 450 ადამიანი სხვადასხვა სიმპტომებით ჰოსპიტალიზირებული იქნა. 2 იანვარს 1914 გამოძახება დაფიქსირდა“, – განაცხადა შავიძემ. მისივე ინფორმაციით, მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად, 2026 მისამართზე გამოცხადება 4 იანვარს მოუხდათ, რის შემდეგაც კლების ტენდენცია შეინიშნება.
„გუშინ უკვე კლების ტენდენცია აღნიშნა, როგორც ჰოსპიტალიზაციის, ისე შესრულებული მისამართების მიხედვით. 1, 2, 3 და 4 იანვარს გამოძახებების რაოდენობა ყოველდღიურად 100 ერთეულით იზრდებოდა“, – აღნიშნა შავიძემ.
მისივე თქმით, გამოძახებების დროს ბევრი სხვადასხვა სახის სიმპტომების მქონე პაციენტებს დაეხმარნენ, თუმცა ჭარბობდა ალკოჰოლური და კვებითი ინტოქსიკაცია. ასევე, გაიზარდა პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დამწვრი ადამიანების რიცხვი, რის გამოც 1 იანვარს 50-მდე ადამიანი საავადმყოფოში აღმოჩნდა.
ჰოსპიტალიზაციისა და ბრიგადების მართვის სამმართველოს მენეჯერი წინა წლებთან შედარებით გაზრდილ გამოძახებების ფაქტს დედაქალაქში მოსახლეობის ზრდას უკავშირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები