დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზვავი ჩამოწვა
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მლეთასა და ნაღვარევში ზვავი ჩამოწვა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მათივე ინფორმაციით, დიდთოვლობაა გუდაურშიც, სადაც თოვლის საფარმა 2 მეტრს მიაღწია, მლეთაში კი თოვლის საფარი 1.7 მეტრია. სტიქიის ზონაში, ვითარების ადგილზე შესასწავლად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ლითანიშვილი გაემგზავრა. ზვავსაშიშორებაა მოსალოდნელი მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-მლეთა-გუდაური–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე (დარიალის ხეობა), რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ინტენსიური თოვის გამო შეზღუდვები საქართველოს საავტომობილო გზების სხვა მონაკვეთებზეცაა დაწესებული.
მოძრაობა აკრძალულია ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 90-კმ 112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე. შეზღუდვა, ასევე, მოქმედებს ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ 36-კმ 72 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. სამინისტროს ინფორმაციით, ყველა მონაკვეთზე მობილიზებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა.