ახალი წლის დღეებში 8000-ზე მეტ ადამიანს გადაუდებელი დახმარება დასჭირდა, 4 კი დაიღუპა

ახალი წლის დღეებში საქართველოს რეგიონების მასშტაბით სასწრაფო – სამედიცინო დახმარების გამოძახებების საშუალო რაოდენობა 500-ით გაიზარდა. 1 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით პერიოდში 8477 გამოძახება დაფიქსირდა, საიდანაც 1852 პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ამის შესახებ „კვირას“ სასწრაფო – სამედიცინო ცენტრის ჰოსპიტალიზაციის სამმართველოს უფროსმა მარიკა ხატიაშვილმა განუცხადა.
მისივე ინფრომაციით, გადაუდებელი დახმარების ცენტრში ყველაზე მეტი, 1970 ზარი 3 იანვარს შევიდა, საიდანაც 424 პაციენტი სავადმყოფოში გადაიყვანეს. დანარჩენი დღეების სტატისტიკა კი ასე გამოიყურება: 1 იანვარი – 893 გამოძახებიდან 389 ჰოსპიტალიზაცია. 2 იანვარი – 1924 გამოძახებიდან 497 ჰოსპიტალიზაცია. 4 იანვარი – 1891 გამოძახებიდან 413 ჰოსპიტალიზაცია. 5 იანვარი – 1799 გამოძახებიდან 429 ჰოსპიტალიზაცია.
აღნიშნულ გამოძახებებს შორის სჭარბობდა ალკოჰოლური და კვებითი ინტოქსიკაციის მქონე პაციენტების რაოდენობა.
რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევებს, როგორც “კვირას” ხატიაშვილმა განუცხადა, 1 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით პერიოდში ასევე რეგიონების მასშტაბით 51 ავარია დაფიქსირდა, 4 ადამიანი კი დაიღუპა.
ყველაზე მეტი, 19 ავტოსაგზაო შემთხვევა 1 იანვარს მოხდა. შემდეგ დღეებში კი კლების ტენდენცია შეინიშნებოდა. 2 ინავარს 15 ავარია მოხდა, რა დროსაც 2 ადამიანი დაიღუპა. 3 იანვარს 7 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, 4 იანვარს კი 6 შემთხვევიდან ერთი მსხვერპლით დასრულდა და ერთი ადამიანი დაიღუპა. ასევე 5 იანვარს მომხდარი 4 ავარიიდან ერთი შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა და ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები