შსს დიდთოვლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, კერძოდ, კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, დაბა ფასანაურიდან, ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აიკრძალა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, “დარიალის” სასაზღვრო – გამშვებ პუნქტში უგზოობის გამო მიმოსვლა დროებით შეზღუდულია როგორც ქვეყანაში შემომავალი, ისე ქვეყნიდან გამავალი ყველა სახის ავტომობილებისთვის. ასევე, დიდთოვლობის გამო მოძრაობა აიკრძალა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კერძოდ, ნინოწმინდიდან სომხეთთან დამაკავშირებელ სასაზღვრო – გამშვებ პუნქტ “სამებამდე”. აგრეთვე, აკრძალულია მოძრაობა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის ქვემო ქართლის რეგიონში, ქალაქ წალკიდან ნინოწმინდის მიმართულებით. ორივე მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები.