ნავალნის უკრაინაში საქართველოს მიმართ აგრესიული განცხადებები გაუხსენეს
ალექსეი ნავალნიმ, რომელსაც რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერად მოიხსენიებენ, რამდენიმე ხნის წინ საკუთარი განცხადებით უკრაინელები შეაშფოთა. ნავალნიმ განაცხადა, რომ ყირიმი უკრაინას არ დაუბრუნდება, რადგან ის არ არის ბუტერბროდი, რომელსაც აქეთ-იქით გადასცემენ. ნავალნის მსგავს განცხადებებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ბლოგერი სერგეი კოშმანი იხსენებს.
„ძლიერია! „ანალიტიკა“ ნავალნისგან 2008 წელს, საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის პერიოდში. წაიკითხეთ და დასკვნები გამოიტანეთ“, – წერს კოშმანი და 2008 წლის 8 აგვისტოს ნავალნის მიერ ინტერნეტში გამოქვეყნებულ ტექსტს გვთავაზობს:
„დილით მთელი საათი დამჭირდა იმისთვის, რომ სრულად მენახა გაეროს უშიშროების საბჭოს პირდაპირი ტრანსლაცია. არასასიამოვნო იყო – რუსეთს უბრალოდ სახე მაგიდაზე მიარტყმევინეს. ერთადერთი, ვინც რიტუალური სიტყვები მაინც თქვა – „დიდად ვაფასებთ რუსული დელეგაციის მცდელობებს და მუშაობას…“ – ვიეტნამი იყო. ჩინეთმა მხოლოდ „ოლიმპიური სამშვიდობო შეთანხმების“ დარღვევის გამო შეშფოთება გამოთქვა“, – წერს ნავალნი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული ომის დროს.
„აშშ, დიდი ბრიტანეთი და ხორვატია უფრო გარკვეული დერეფნის გამო იძაბებოდნენ, რომლის გავლით (ქართველების თქმით) სამხრეთ ოსეთში დახმარება და რაღაც მითიური მოხალისეები მიდიან. დანარჩენებმა რაღაც იბურტყუნეს სერიიდან „ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ“. ჩვენი ჩურკინი ძალიან აღშფოთებული იყო, მძაფრად საუბრობდა, იმას აღნიშნავდა, რომ აშშ-ს დელეგაციამ „შეშფოთებაც კი არ გამოთქვა“, – წერს ნავალნი.
მისი განცხადებით, „თანამედროვე პირობებში ავტორიტეტი მხოლოდ ძალაზე და ამ ძალის გონივრულად და იქ, სადაც საჭიროა, გამოყენების უნარზეა დაფუძნებული. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა სწორედაც რომ „საჭიროა“. რა თქმა უნდა, არანაირ რუსულ სახმელეთო დამატებით ჯარებზე სამხრეთ ოსეთში საუბარი არ შეიძლება იყოს. მაგრამ რუსეთმა (სულ მცირე) შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას:
1. სერიოზული სამხედრო და ფინანსური დახმარება გაუწიოს სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს (იმ მოცულობით, რომლითაც აფხაზეთი მზადაა, რეალურად იომოს სამხრეთ ოსეთში). 2. სამხრეთ ოსეთი გამოაცხადოს ფრენებისთვის დახურულ ზონად და დაუყოვნებლივ ჩამოაგდოს ამ ზონაში გამოჩენილი საფრენი ობიექტები. 3. საქართველოს სრული ბლოკადა გამოუცხადოს. შეწყვიტოს მასთან ნებისმიერი მიმოსვლა. 4. რუსეთის ფედერაციის საზღვრებს გარეთ გააძევოს საქართველოს ყველა მოქალაქე. შემდგომში სიტუაციის შესაბამისად იმოქმედოს, მაგრამ, ამასთან, საკუთარ თავს ანგარიში გაუწიოს, რომ, რა თქმა უნდა, არსებობს დიდი სურვილი იმისა, რომ მღრღნელების გენერალური შტაბის მიმართ ფრთიანი რაკეტა გაუშვან, მაგრამ მღრღრენლები მხოლოდ ამას ელოდებიან“, – წერს ნავალნი.